მთავარისაქართველოალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების თაობაზე და ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მას კვირას უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. პროკურატურის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ქმედებას და არა ბრალს. მისი განცხადებით, ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა.

თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა: „გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისა და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ…

ვინმეს მოკვლა რომ მნდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი არ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს…

აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობითა და სიმამაცით… ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა… მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა, სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით… ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი [იცინის].

უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე… ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა…

ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა…

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია… არც არსად შევჭრილვარ, არც შუშა ჩამიმტვრევია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას, ხან რა ავაძრე, ხან რა… ღობიდან გადავძვერი, ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო”.

შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არც შევეგუებით.

კაბურაში მქონდა იარაღი, მაქვს ტარების უფლება, წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას… ვინმეზე თავდასხმა რომ მნდომოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა… მოგერიება მინდოდა… იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.

პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა, ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.

ჩემებს მინდა, ბოდიში მოვუხადო… ასეთი ვარ… ერთი წელია, სული მეხუთება უსამართლობისგან…

ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა… ირაკლი[კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად…

ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ… ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად… ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას”. (განცხადება აღებულია ლელო-ძლიერი საქართველოს ფეისბუკ გვერდიდან)

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

ამავე საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ალეკო ელისაშვილი სამართლიანად გასამართლდება.

ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ელოდებიან მომხდარის შესახებ მეტ დეტალსა და გამოძიების შედეგებს. ალეკო ელისაშვილის განცხადება გაავრცელა პარტიამ „ძლიერი საქართველო – ლელო”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend