უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და კორუფციასთან ბრძოლაზე სპეციალიზებული პროკურორის ოფისი (SAPO) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებენ.
საგამოძიებო მოქმედებებს ადასტურებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო – საგამოძიებო მოქმედებები ავტორიზებულია და გამოძიების ფარგლებში ტარდება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნულია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია. მასშტაბური კორუფციის შესახებ პირველი განცხადებიდან დაახლოებით ორ საათში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა კორუფციული სქემა, აუდიოჩანაწერების ნაწილი და კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
უკრაინული მედიის ცნობით, 25 ნოემბერს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, სემიონ კრივონოსმა განაცხადა, რომ გამოძიების დროს ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული საქმე გაფართოვდებოდა.


