იაპონიის ძალისხმევით მსოფლიო დონის ექსპერტები უკრაინას ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვალის წაშლაში ეხმარებიან, რაც უზარმაზარი ტერიტორიების განნაღმვას გულისხმობს.
თითქმის ოთხწლიანი ომის შემდეგ უკრაინა ნაღმებით ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნად იქცა მსოფლიოში, სადაც ტერიტორიის თითქმის მეოთხედზე მილიონობით ნაღმი და აუფეთქებელი იარაღია მიმოფანტული. ეს თვალით შეუმჩნეველი საფრთხე უამრავ სიცოცხლეს იწირავს – უკვე 900-ზე მეტი სამოქალაქო პირია გარდაცვლილი თუ დაჭრილი.
იაპონიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ტოკიოში უმასპინძლა უკრაინის ყოველწლიურ „ნაღმის განეიტრალების კონფერენციას“, რომელიც იყო საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის შესაძლებლობა – როგორც ტექნიკურის, ისე ფინანსურისა და ჰუმანიტარულის – რათა დაჩქარდეს უკრაინაში განნაღმვითი სამუშაოები.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ წარმოადგინა ახალი პაკეტი – უკრაინის განაღმვაზე მიმართული სამოქმედო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიების გაძლიერებას, განნაღმვითი სამუშაოების ჩართვას უკრაინის აღდგენის ფართო გეგმაში.
იაპონურმა საინჟინრო საწარმომ Nikken Corporation-მა უკრაინას 12 გამნაღმველი მანქანა გადასცა, ხოლო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს კოორდინაციის მეშვეობით კამბოჯაში განნაღმვის ცენტრისა და Nikken-ის ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან ჩასულ სტაჟიორებს. პროთეზების მწარმოებელი იაპონური კომპანია Obara Kogyo სპეციალურად უკრაინელ დაზარალებულებზე მორგებულ პროთეზების შექმნაზე მუშაობს, ხოლო დრონების მწარმოებელი კომპანია Prodrone-ი ხელოვნური ინეტელექტით აღჭურვილ ნაღმის დეტექტორ დრონებზე ცდებს აწარმოებს.
ავტორი: ანდრეა ბოლითო

