ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისში, ისრაელის ავიაიერიშმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამან დაახლოებით 12-საათიან პერიოდში დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაზარდა.
ეს იერიშები ყველაზე სისხლისმღვრელია მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.
ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოს ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის ოთხი ავიაიერიშის შემდეგ მათ 17 ადამიანის ცხედარი მიიღეს – მათ შორის ხუთი ქალი და ხუთი ბავშვია.
კიდევ ერთ, ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ ერთ-ერთ შენობაზე განხორციელებულმა ორმა ავიაიერიშმა 16 ადამიანი იმსხვერპლა და მათგან შვიდი ბავშვია.
ვითარების მას შემდეგ გაწვავდა, რაც ისრაელმა განაცხადა, მის ჯარისკაცებს ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, ხან-იუნისში ცეცხლი გაუხსნეს. „ჰამასი“ ამას უარყოფს და საპასუხო ქმედებებს „განსაცვიფრებელ ხოცვა-ჟლეტას“ უწოდებს.
მხარეები შეთანხმების პირობების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
საავადმყოფოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცხედრებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი ყვითელი ხაზის ორივე მხრიდან იღებენ. ეს საზღვარი ღაზას ორ ნაწილად ყოფს: საზღვრის მიმდებარე ზონა ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშ რჩება. მის მიღმა არსებული ტერიტორია კი, შეთანხმების თანახმად უსაფრთხო ზონა უნდა იყოს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ისრაელის ავიაიერიშები შემცირდა, თუმცა არ შეჩერებულა. სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზავის ძალაში შესვლიდან დღემდე 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

