მთავარისაქართველო„ეს, ფაქტობრივად, მოქალაქეობის ჩამორთმევაა” - ოპონენტები „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ

„ეს, ფაქტობრივად, მოქალაქეობის ჩამორთმევაა” – ოპონენტები „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ

„ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ სიღრმისეული ცვლილებების შეტანას გეგმავს. მმართველი პარტიის საკანონმდებლო გეგმებზე ვრცლად 17 ნოემბერს ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, შეეხება ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას. მმართველი პარტიის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ვეღარც საპარლამენტო არჩევნებზე შეეძლებათ ხმის მიცემა, თუკი სამშობლოში არ დაბრუნდებიან.

წარმოდგენილი ცვლილებები შალვა პაპუაშვილმა ახსნა არგუმენტით, რომ „არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ“. მისივე განმარტებით, „არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში“:

„ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.

არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციისა და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა არარეზიდენტ მოქალაქეებზე, რომელთა მიმართაც, მისი შეფასებით, „მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები“. ამ კონტექსტში პარლამენტის სპიკერმა მაგალითად მოიყვანა მედიაც. როგორც მან თქვა, საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება „უფრო ადეკვატური და ინფორმირებული არჩევანის“ გამოხატვა:

„ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს.

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენასა და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს…“

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაეყრდნო საერთაშორისო პრაქტიკასაც და არგუმენტად მოიყვანა ირლანდიის, მალტის, ისრაელისა და სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობები.

საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა არგუმენტად მოიყვანა „საარჩევნო კოდექსში“ არსებული უზუსტობებიც და ისიც, რომ კოდექსში ბოლო ძირეული ცვლილებები 2011 წელს შევიდა:

„მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს მიიღეს და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა საჭიროებს მოწესრიგებას.

ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიციირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს…“

ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“ არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ, ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნები იხსნება.

როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

ამჟამად მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.

მაგალითად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა, თუმცა მაშინ ემიგრანტები საუბრობდნენ, რომ ეს საკმარისი მაინც არ იყო.

დაგეგმილი ცვლილებებით კი, თუ ემიგრანტი საქართველოში ჩამოვა, ის ხმას შეუფერხებლად მისცემს, თუმცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხმის მისაცემად ინფრასტრუქტურას აღარ მოუწყობენ.

საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის შეფასებით, ამ ცვლილებების მიზეზი არის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ საზღვარგარეთის უბნებზე დამდგარი შედეგები. ცესკოს თანახმად, უცხო სახელმწიფოებში მმართველმა პარტიამ მეტწილად წააგო, დამაჯერებელი გამარჯვება კი მოიპოვა მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ დაგეგმილი და ბოლო დროს უკვე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვად“ აფასებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

„სულ არ მაინტერესებს ის მილიონ-ნახევარი ადამიანი ვის მხარეს არის, არც ის მაინტერესებს, არჩევნებში ვის მისცემდნენ ხმას, აქ საუბარი არის მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა…

დღეს მე გული მტკივა იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღვწიან იქ, სადაც არიან, რომლებსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, თქვენ არ ხართ ჩვენი შვილებიო…“

კონსტიტუციონალისტი და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახუშტი მენაბდე „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებას „მოქალაქეობის ჩამორთმევასთან“ აიგივებს.

მისი თქმით, ამ ცვლილების მიზანი არის, გარკვეული უფსკრული გააჩინოს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ უფლებას შორის, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში:

„შენ გყავს მილიონამდე ემიგრანტი და ამ ადამიანებს სჭირდებათ და სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ეკონომიკის დიდი ნაწილი დგას ამ ადამიანების გზავნილებზე. რა გამოდის? ისინი ეკონომიკაში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ დარჩებიან „თამაშგარე მდგომარეობაში“ პოლიტიკურ პროცესებში, რაც უსამართლოა.

მოქალაქეობა, პირველ რიგში, ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამის ყველაზე ეფექტიანი საშუალება იმ ტიპის დემოკრატიებში, რომელზეც საქართველო აცხადებს რომ არის, სწორედ არჩევნებია. პერიოდული კენჭისყრით მოქალაქე იღებს გადაწყვეტილებას, ვის მისცეს უფლება, მართოს ქვეყანა. ამ უფლების ჩამორთმევა, ფაქტობრივად, ნიშნავს მოქალაქეობის ჩამორთმევას…“

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის არგუმენტსაც, რომელშიც მან საერთაშორისო პრაქტიკა მოიყვანა – ისრაელის, მალტას, ირლანდიისა და სომხეთის სახით:

„რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია, ვიპოვოთ ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, სადაც რომელიმე ინსტიტუტი ცუდად ან არასათანადოდ მუშაობს. რას გულისხმობს „საუკეთესო პრაქტიკა“? თუ რაიმე რეფორმის გატარება გინდა ქვეყანაში, მოიკვლევ სხვა სახელმწიფოებში როგორ ხდება და იქიდან საუკეთესოს აარჩევ. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, ამას აკეთებს, ოღონდ პირიქით. ის ეძებს ყველაზე ცუდ პრაქტიკას…“ – თქვა ვახუშტი მენაბდემ ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

მმართველი პარტიის საკანონმდებლო გეგმებს „ფეისბუკზე“ ეხმიანება ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

ეს ორგანიზაცია 35 წელია, აკვირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო დონეზე, ასევე წარსულში აკვირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებსაც, როცა პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ირჩევდნენ. გამონაკლისი იყო 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, რა დროსაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ არგუმენტად მოიყვანეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული, მათი შეფასებით, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები და ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა.

„საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.

თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო მიგრაციის ზრდის ფონზე, იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ემიგრაციაში ყოფნის პირობებში. რიგ შემთხვევებში საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის იხსნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, არსებობს ასევე საფოსტო გზავნილით ხმის მიცემის შესაძლებლობა, ინტერნეტით და სხვა“, – დაწერა ISFED-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა:

„მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, აშშ-ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინსტიტუციებს, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს.

არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევაა, ადამიანის ფუნდამენტური უფლების გათელვა და  მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend