„ქართული ოცნების” გუნდის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის რეკომენდაციით შექმნილი ორი უწყება უქმდება. ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას აუდიტის სამსახური შეითავსებს.
კორუფცია სახელმწიფოებრივ დონეზე გარდამავალი ტიპის დემოკრატიებში ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა. იმისთვის, რომ კორუფციის შემთხვევები და მასშტაბები შემცირდეს, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მთავარი ფუნქციაა ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება. საქართველოში ასეთი უწყება ანტიკორუფციული ბიუროს სახით 2022 წელს ევროკავშირის რეკომენდაცია/მოთხოვნით შეიქმნა. თუმცა, ეს უწყება პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებარეს, რაც ევროსტრუქტურებმა და სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკეს, რადგან ამ უწყების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგებოდა, მომდევნო წლის მარტიდან კი საერთოდ უქმდება. ეს გადაწყვეტილება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მთავრობამ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა ერთმანეთთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
„ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროს არ აუქმებს. იმავე ბედს გაიზიარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას იცავდა. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების მსგავსად, მმართველი პარტია ამ უწყების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაქვემდებარებაში გადასვლას უფრო ოპტიმალურს უწოდებს. ამ სამსახურის შექმნაც საქართველოს ევროკავშირმა დაავალა, რათა ევროპაში მცხოვრებთა მსგავსად, საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია მეტად დაცული ყოფილიყო.
„ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. იმავე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა სპიკერმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, ევროკავშირის რეკომენდაციით ფორმალურად შექმნილი დემოკრატიული უწყებების განადგურებას ისახავს მიზნად. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებისთვის ადგილს ყოველი ასეთი გადაწყვეტილებით სულ უფრო ავიწროებს.
„„ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა უმნიშვნელოვანესი ორგანო, ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა, ამ წლების განმავლობაში არ გამოუძიებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლების არც ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა და საქმე. ეს არის „კარმუშკა“ პარტიული მუშაკებისთვის, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის ინტერესს. მისი გაუქმება, გადანაცვლება აუდიტის სამსახურში და ა.შ. არის წყალი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა. არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, მომდევნო ხელისუფალი, მომდევნო კოალიციური მმართველობა ვალდებული უნდა იყოს, რომ შექმნას რეალური, ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, რომელიც გამოიძიებს განსაკუთრებით, წარსულში ჩადენილ კორუფციულ საქმეებს. საქმეებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩადის“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ.
კორუფცია და პერსონალური მონაცემების გაჟონვა მთელი მსოფლიოს პრობლემაა. თუმცა, დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოები, ამ მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბებში. თუ დემოკრატიულ ქვეყნებში, ასეთი დარღვევები ცალკეულ შემთხვევაში არსებობს, ნაკლებად დემოკრატიულში ეს საკითხი ხშირია და მწვავედ დგას, როგორც სისტემური პრობლემა. რამდენად გასწვდება აუდიტის სამსახური ამ უწყებების საქმიანობის შეთავსებას, ამას მომავალ წლის პროცესები აჩვენებს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

