მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „ომის მშვიდობიანი ტყვეების სიაში ჩართვას“ სთხოვს, არგუმენტით, რომ ის უკრაინის მოქალაქეა.
„ფეისბუკზე“ გავრცელებულ წერილში ის აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ იგივე პერსონალი დაახვედრეს, რომელმაც, მისივე მტკიცებით, 2022 წლის მარტში მოწამლა:
„მსურს, გთხოვოთ, როგორც 2019 წელს, როდესაც უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა დამიბრუნეთ, როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორც რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე შემიყვანოთ პირთა სიაში, ვინც უკანონოდ დაპატიმრებულია საქართველოს პრორუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით…“ – ეს არის ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის წერილიდან, რომლითაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.
ექსპრეზიდენტის კლინიკიდან ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ზრახვებს ხედავს:
„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე, ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, არის მიხეილ სააკაშვილი. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მათ გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად…“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ 13 ნოემბერს.
ამავე აზრზე არის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უფლებადამცველი ბექა ბასილაიაც:
„ყველას ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ღონისძიება მასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებებს პენიტენციური დაწესებულება და პროკურატურა კი არ იღებს, არამედ – ბიძინა ივანიშვილი. ამ გადაწყვეტილებების შემკვეთი კი რუსეთია და ამ სიტუაციაში ჩვენ რაიმე ახალი დამატებითი სათქმელი არ გვაქვს…“
ოპოზიციური „ლელოს“ კოალიციისთვის ამომავალ წერტილად არის ყველა იმ პირის პატიმრობიდან გათავისუფლება, რომელიც, როგორც ამბობენ, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისთვის იხდის სასჯელს.
„ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ნაკლებად რელევანტურია ვინ იქნება კლინიკაში და ვინ – ციხეში. დღეს მილიონობით ადამიანი იმყოფება პატიმრობაში და კონკრეტული ადამიანები, საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო, იმყოფებიან ციხეში. ამიტომაც, ჩემთვის ყველაზე მთავარია ყველა ამ ადამიანის გათავისუფლება და არა ცალკეული პირების ადგილსამყოფლის გამორკვევა…“ – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
გიორგი გახარიას პარტიაში კი მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილებას უკავშირებენ ექსპრემიერისთვის 20 ივნისისა და ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეებზე ბრალის წარდგენის გადაფარვას:
„ერთი კითხვა მიჩნდება „ოცნების“ მიმართ: ახლა თუ გადაწყვიტეს მათ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა, იმ საბაბით, რომ თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ გაუმჯობესდა? გიორგი გახარიას მიმართ ბრალის წარდგენიდან ოთხ საათში გაუმჯობესდა და იქამდე ცუდად გრძნობდა თავს მიხეილ სააკაშვილი? მაგალითად, ერთი წლის წინ უფრო ცუდად გრძნობდა თავს? ჩვენი და, თუნდაც საჯარო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დაახლოებით, ბოლო ორი ან ორ წელიწადნახევრის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია…“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ.
ოპონენტების განცხადებას პასუხობს „ქართული ოცნება“. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება ეფუძნება არა პოლიტიკურ, არამედ სამედიცინო დასკვნებს.
„ვერავინ შეძლებს, საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მიგვეღო და რატომ არ უნდა აღგვესრულებინა ეს გადაწყვეტილება… ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას იზიარებენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც:
„არსებობს გარკვეული წესები და ამ წესს უნდა დაემორჩილო, ვისი მთავრობაც არ უნდა იყოს. არსებობს გარკვეული პერიოდი. სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ იმ ბრალის სიმძიმე შესაბამის სტრუქტურებს ავალებს, რომ მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხეებში იტანჯებოდა სააკაშვილის პერიოდში….
სახელმწიფოში, სადაც არსებობს ადამიანი, იმყოფება პრივილეგირებულ პირობებში, ყოველდღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც აკეთებს განცხადებებს, მოწოდებებს რევოლუციისკენ და საკმაო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ მისნაირად დესტრუქციული ადამიანები წინ წამოწიოს, ხელში აიღოს რევოლუციის სადავეები და ამაზე მუდმივად ილაპარაკოს – ეს პოლიტიკურადაც სერიოზული ზიანის მომტანია და სამართლებრივად დასჯადია…“ – თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
„საჯაროდ ვხედავდით, რომ ძალიან კარგ ხასიათზე და ჯანზე იყო – მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, არამარტო საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო – მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი…“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას საერთო წესით განაგრძობს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არაერთ საქმეზე აქვს შეფარდებული პატიმრობა.
თუმცა, ბრალდებულის სტატუსი მიხეილ სააკაშვილს აქვს იმ საქმეებზეც, რა დროსაც ის აღარ იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას.
კერძოდ, საუბარია პროკურატურის მიერ ერთ-ერთ ბოლო, 6 ნოემბერს წარდგენილ ბრალზე, სადაც პროკურატურა მას სოციალური ქსელისა და ვიდეომიმართვების მეშვეობით კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებებს ედავება.

