საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
მისივე თქმით, 2024 წლის გაზაფხულზე, პარლამენტის მიერ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს გასული წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებისთვის იყო „პირველი გამოღვიძების ზარი“. ეს გადაწყვეტილება შეეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დეფაქტო შეჩერებას:
„2024 წლის გაზაფხულზე, ცხადად ვთქვით – „გთხოვთ, არ მიიღოთ კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი ეწოდება, რადგან ამას ექნებოდა შედეგები.
2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების გამო, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეეჩერებინა საქართველოს გაწევრება და უთხრა საქართველოს მთავრობას, შეეცვალა კურსი. ევროკავშირის საბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილება იყო პირველი გამოღვიძების ზარი. გასულ კვირას, ალბათ, ბოლო ზარი იყო გაფართოების ანგარიში, რომელიც იყო გამანადგურებელი საქართველოს მისწრაფებებისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი…“ – განაცხადა დიპლომატმა.
პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა იმ მექანიზმებზეც, რომლებიც, შესაძლოა, ამოქმედდეს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც. ამ კონტექსტში მან ახსენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი, რომლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას ევრობლოკის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა 12 ნოემბერს მხარი დაუჭირეს:
„დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ ისინი განიხილავენ მას და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა იქნება მათი გადაწყვეტილება, არ მინდა ამაზე სპეკულირება..
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჩემი მოვალეობაა, მქონდეს კომუნიკაციის ღია არხები ყველასთან. ვცდილობ, ვესაუბრო ხელისუფლებას, ასევე გვაქვს კონტაქტები ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ სფეროსთან…
გასულ კვირას ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადად ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო უფრო შორსაა, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ შეიცვლის კურსს და დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას…“
ეს განცხადებები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ. ამ ღონისძიებაზე ის, სხვა დიპლომატებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვია.


