მთავარისაქართველორა კითხვები აქვს გამოძიებას ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან

რა კითხვები აქვს გამოძიებას ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან

12 ნოემბერს, საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ბრიფინგით შეიტყო საზოგადოებამ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის სამიზნე გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი – ამჯერად გიორგი გახარია.

ამასთან ის იმ ოპოზიციონერ ლიდერების რიგებშიც მოხვდა, ვის წინააღმდეგაც პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით აწარმოებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ სამართალწარმოების დაწყების მიზეზი გახდა 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივი დაშლა და ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ ეპიზოდი. ამ მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდა.

გენერალურმა პროკურორმა 12 ნოემბერს გაიხსენა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები“:

„მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება…“ – თქვა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, სხვა ბარიარგადალახული ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ შეასრულა ყოფილი თანაგუნდელების ინიციატივით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნები.

ერთ სხდომას – 2025 წლის 14 აპირლს ის ადგილზე, ერთსაც კი – ამავე წლის 2 ივლისს, დისტანციურად დაესწრო. 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს მაშინ გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:

„როდესაც ამ ღონისძიების [მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა] საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შსს-მ, ისევე როგორც სუს-მა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული , ამ ვაჟბატონს [სერგეი გავრილოვს] არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ…

ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში – იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო – მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის [გავრილოვის] შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო [ირაკლი] კობახიძე – თქვენ კი ამბობთ, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი, კაცო, გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის [თავმჯდომარის სავარძელში]?!…

ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს – გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში…“ – განაცხადა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე.

ყოფილი თანაგუნდელები ყოფილ პრემიერს ბრალს სდებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაშიც. ამის გამო, ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ ეპიზოდი ცალკე საქმედ გამოიყო. ხელისუფლების მტკიცებით, გიორგი გახარია მაშინ თვითნებურად მოქმედებდა, რის შედეგადაც, მათივე ვერსიით, საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარის განმეორების წინაშე აღმოჩნდა.

მსგავსი ვერსიის შესახებ ისაუბრა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემაც, 2025 წლის 12 ნოემბრის ბრიფინგზე:

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ…“

2025 წლის 2 ივლისის სხდომაზე დაბარებულმა ექსპრემიერმა „რუსულ საქმედ“ შეაფასა, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ბრალდებები:

„2018 წელს ე.წ. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტში დემილიტარიზაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა. ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და ამათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა, როგორც საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კმ, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე.

მე მინდა, გითხრათ ერთი რამ – ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა და ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო. პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, ზუსტად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში, 2019 წლის 2 სექტემბერს, ე.წ. ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა აგრძელებს. ამის შემდეგ იმავე სექტემბერში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. „პარლამენტში“ შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი…“

პროკურატურის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის, როგორც ამბობენ, სიურპრიზი არ ყოფილა.

„ეს არის პერსონალური ვენდეტის გაგრძელება, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე დაანონსდა. ვნახავთ კიდევ ბევრ აბსურდულ ბრალდებას, რომელიც იქნება წამოსული გიორგი გახარია მიმართ. ეს არის რეალობა, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნება”. ის პოლიტიკურად დევნის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ოპონენტს…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

გამოძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ერთ დროს თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, ახლა კი მისი ოპონენტია და გერმანიაში, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend