პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, სხვა სავარაუდო დანაშაულის ბრალდებით დამატებითი ვადით პატიმრობის მოლოდინში არიან, ხოლო შეწყალებით გამოშვებული პოლიტიკოსები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ფულადი გირაოს შეფარდების მოლოდინში.
პოლიტიკოსების ახალი საქმე პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 6 ნოემბერს გააცნო. გამოძიება ამ პოლიტიკოსებს საბოტაჟსა და მთავრობის გადატრიალების მცდელობაში, ასევე უცხო ქვეყნებთან, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თანამშრომლობაში ედავება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ გამოძიებას ენდობიან და ის სამართლიანი იქნება.
„სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ – ეს პროკურატურისა და სასამართლოს სამსჯელოა. რაც გენერალური პროკურორის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ჩვენი თვალით ვხედავდით. არ ვხედავდით, როგორ ადგენდნენ საქართველოს მოქალაქეების „შავ სიებს“, რომ საქართველო გარედან თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო? არ ვხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში პაპკებითა და საქაღალდეებით იმისთვის, რომ უცხო ქვეყნებისთვის „შავი სიები“ მიეწოდებინათ და საქართველო თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო?
ჩვენ ეს ყველაფერი პოლიტიკურად არაერთხელ შევაფასეთ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, იმ ადამიანების მიმართ, სადაც დანაშაულის მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს, პროკურატურის მხრიდან ბრალი წარედგინათ. ვნახოთ, რამდენად საკმარისი იქნება სასამართლოს განაჩენისთვის. პროცესი გამჭვირვალეა და თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური დევნის მორიგ ნაბიჯად მიიჩნევენ პროკურატურის მიერ ისედაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მიმართ ახალი ბრალის წარდგენას. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მათი მიზანი „ქართული ოცნების“ მმართველობიდან ჩამოშორებაა და ამისთვის როგორც შიდა, ისე გარე თანამშრომლობას არც მალავდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ.
„არ შევალ იმ სპეკულაციაში, რა პირდაპირი სამართლებრივი კავშირი შეიძლება დახატოს „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილია, ფარსია. შესაბამისად, რასაც დახატავს და რაც მათ ნაღრძობ ტვინებში მოვა, შეიძლება, ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს. პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმება ჰქვია, კომიკური გახდა საზოგადოების თვალში. კომიკური გახდა ამ ბოროტი დიქტატურის დამყარების ყველა ის მცდელობა, რომელიც ივანიშვილს აქამდე ჰქონდა გამიზნული. რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა.
ჩემი აზრით, იმ პიარული ფიასკოს ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ განიცადა. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ მიიღო. საზოგადოებამ ეს აბსურდი, მარაზმი სერიოზულად არ მიიღო, რადგან არასერიოზულია. ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია – არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებასა და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა.
მმართველი პარტიის მტკიცებით, სამართალწარმოება დაწყებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის და არა „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ საფუძველზე. ოპოზიცია კი არათუ საგამოძიებო უწყებებს, არამედ ამ კომისიაც, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იარაღად მიიჩნევს. რას გადაწყვეტს სასამართლო პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ჯერ უცნობია.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

