მთავარისაქართველოწავების კუნძული

წავების კუნძული

თბილისში, მტკვარში 8 ჰექტრამდე ფართობის კუნძულია, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არც იცის.

გლდანისა და დიღმის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ მდებარე კუნძული დიღმის ჭალების ნაწილად ითვლება და მასზე იშვიათი სახეობის ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. მათ შორის არიან საქართველოს წითელი ნუსხით დაცული წავებიც.

წავების სახეობა კუნძულზე პირველად ილიას უნივერსიტეტის მკვლევრებმა შენიშნეს. მოგვიანებით წავები ფოტოხაფანგებმაც დააფიქსირა.

“ჩვენთვისაც ისეთი სიურპრიზი იყო – თავდაპირველად, ილიას უნივერსიტეტის ასპირანტებმა შეამჩნიეს და რომ გვითხრეს, ვერც დავიჯერეთ – წავს რა უნდა შუა ქალაქში-თქო.. მერე ფოტოხაფანგები დავამონტაჟეთ და დაფიქსირდა, ვიდეოკამერითაც გადაიღეს…

იმის გამო, რომ კუნძული არის იზოლირებული და მასზე არ არის წვდომა – გზები არ ჩადის, ხიდს კი დაშორებულია, ეს ქმნის ერთგვარ ოაზისს, ველური სახეობებისთვის საიმისოდ, რომ გამრავლდნენ, თავშესაფარი ნახონ – ძალიან ბევრი ფრინველი ბუდობს იქ და ამ იზოლაციის ხარჯზე არიან უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ურბანული სივრცეა. სწორედ ამან განაპირობა, რომ შუა ქალაქში, ამ ურბანულ ზონაში, წავებმა იპოვეს თავშესაფარი, სადაც ახერხებენ გამრავლებას, ნაშიერების გამოზრდას და მთელი წლის განმ,ავლობაში ფიქსირდება მათი იქ ყოფნა”, – ამბობს კახა არცივაძე სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” პროგრამის ხელმძღვანელი და ჯიპას გარემოს დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, ხმელეთთან კავშირის არქონის გამო კუნძულზე ვერ ხვდებიან მტაცებელი ცხოველები, რაც მას ამ სახეობებისთვის უნიკალურ, უსაფრთხო ზონად აქცევს

2020 წლის ბოლოს კუნძული ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორია გახდა. ზურმუხტის ქსელი  ბერნის კონვენციის მხარე ქვეყნებისთვის ევროპის ბუნებრივი არეალების დასაცავად შექმნილი მექანიზმია.

“ზურმუხტის ქსელი არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც იქმნება ბერნის კონვენციის, ანუ ევროპის ველური სახეობებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის ფარგლებში.

“ზურმუხტის ქსელის” სტატუსი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის არსებობს, მსგავსი სივრცეები ბევრ ქალაქში, ევროპაშიც არის, მაგალითად, ბუდაპეშტში თუ მოხვდებით, ქალაქის ცენტრში არის საკმაოდ დიდი კუნძული. ეს ზუსტად ის შემთხვევებია, როდესაც, მსგავსი პირობების გამო, შენარჩუნდა უნიკალური გარემო იმისთვის, რომ იქ გამრავლდნენ ველური სახეობები და საბინადრო ადგილი მოიპოვონ, ადამიანების მიერ ათვისებულ ურბანულ ზონაში”, – ამბობს კახა არცივაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend