ოროზმანის ექსპედიციის გუნდმა მილიონ რვაასი ათასი წლის ადამიანის ნაშთი აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ის ადრეულ ჰომოერექტუსს ეკუთვნის. ადამიანის ეს სახეობა ჰომოსაპიენსის, ანუ თანამედროვე ადამიანის ადრეული წინაპარია. დადის ორ ფეხზე, ქვის იარაღებს იყენებს, მაგრამ ტვინის მოცულობა ჯერ კიდევ მცირე აქვს, მას ცეცხლის დანთება არ შეუძლია.
„ამ ბლოკზე არის წარმოდგენილი ოროზმანელი ადამიანის ქვედა ყბა, თავისი ორი კბილით, საღეჭი კბილებითა და კბილების ემალი ძალიან კარგად არის შენახული, შესაბამისად, ეს ნაწილი საჭიროებს გასუფთავებას სპეციალურ ლაბორატორიაში, რომელიც მოხდება ეროვნული მუზეუმის ბაზაზე და შესწავლაც შესაბამისად იქ მოხდება, ჩვენი ჯგუფის მიერ“, – ამბობს არქეოლოგი და ოროზმანის ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.
თუმცა სანამ მას შეისწავლიან… საინტერესოა ამ უნიკალური აღმოჩენის ისტორია. ამ დღეს ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი იხსენებს.
„ერთ-ერთი რიგითი დღე იყო და ჩვენმა კოლუმბიელმა სტუდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის ეს გოგონა, შენიშნა ემალი თავის კვადრატში, იცით, რომ ძალიან სკრუპულოზურად ხდება ჩვენთან გათხრები, ფაქტობრივად როგორც დანტისტები მუშაობენ და როგორც კი შენიშნა, იმ წუთას დაუძახა ჩვენს სპეციალისტს, პალეონტოლოგ გიორგი კოპალიანსა და ნიკა ვანიშვილს და იმ წუთასვე მოხდა ამის გამოვლენა. მივხვდით, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე ვიყავით და 12 საათი გვიწევდა ამ ბლოკის გასუფთავება. თვითონ ეს ყბა არის დაწებებული კონკრეციაზე, ანუ ასეთ დიდ წარმონაქმნზე და შესაბამისად, მთლიანად დიდ ბლოკად ამოვიღეთ ასე, ღამის 1-ელ საათზე და ემოციები ძალიან დიდი იყო“, – გვიყვება ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.
ის, ვისზეც არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი საუბრობს, ამერიკელი სტუდენტი ჯულიეტ ზუნიგაა, სწორედ მან იპოვა გათხრებისას ადამიანის ქვედა ყბა.
„ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც პირველად ვნახე ეს ნაწილი, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, თუ რა იყო. ვვარაუდობდი, რომ შესაძლოა კბილები ყოფილიყო, თუმცა იმ დროს საკმარისად კარგად არ ჩანდა. უფრო უკეთ ამ ნაწილის დასანახად მუშაობა გავაგრძელეთ და შემდეგ უკვე ცხადად ვნახე, რომ ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. ყველა აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო და მეც შვებით ამოვისუნთქე, რადგან რაღაც მნიშვნელოვანი ვიპოვე. ჩვენმა გუნდის ერთობლივმა მუშაობამ გაამართლა“, – ამბობს ჯულიეტ ზუნიგა.
ოროზმანის არქეოლოგიურ გათხრებში სფეროს სპეციალისტები და 20-მდე ქართველი თუ უცხოელი სტუდენტი მონაწილეობს, მათ შორის არიან მოხალისეებიც.
„ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა. ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ნაკლებად ვვარაუდობდი, რომ აქ რაიმეს ვიპოვიდით. თუმცა უცებ ასეთი სიურპრიზი დაგვხვდა, განწყობა აგვიმაღლდა. ყველაზე მთავარი რაც აღმოვაჩინე, არის ის, რომ ეს პროცესი ხანგრძლივია და ბევრი ელემენტისგან შედგება. ეს არ არის მხოლოდ რაიმეს ძიება, აქ ბევრ რამეზე ვმუშაობთ, საბოლოოდ კი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქმნება მთლიანი სურათი. ეს გამოცდილება თითოეული სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს რუბენ ჰანსენი, რომელიც დანიიდან ჩამოვიდა.
„როდესაც საქმეს შევუდექი, არ მეგონა, რომ რამეს აუცილებლად ვიპოვიდი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი საკმაოდ ნელი და ფრთხილია. ეს ყველაფერი ფენა-ფენად ფრთხილად უნდა გაწმინდო და არ უნდა იჩქარო. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის საუკეთესო პერიოდი იყო, განსაკუთრებით ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესორებსა და ამ სფეროს პროფესიონალებთან ერთად გვიწევს მუშაობა“, – ამბობს ამერიკელი სტუდენტი აბიგეილ მეიო.
„ძალიან დიდი ამბავი იყო, რადგან მოვდივარ ისეთ ადგილას, სადაც მეორე უძველესი ადამიანის, ჰომინიდის ნაშთი იყო აღმოჩენილი, მანამდე 1 იყო აღმოჩენილი, ეს ფაქტობრივად მეორეა 1.8 მილიონი წლით დათარიღებული. ეს არქეოლოგიის პალეონტოლოგიის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩენა იყო და ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილებაა ამ ადგილას მუშაობა”, – ამბობს თსუს არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ოტიაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ მქონია არანაირი შეხება არქეოლოგიასა და არც გათხრებთან, მაინც მოვედი და რითაც შემიძლია, ვეხმარები და მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის”, – ამბობს მოხალისე ნიკოლოზ ძაძამია.
გუნდის ერთობლივი მუშაობით, ოროზმანის ექსპედიციას წარმატებისთვის ადრეც მიუღწევია. ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი 2019 წელს აღმოაჩინეს. დაახლოებით ორ წელში კი, იქ პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მაშინ მილიონ რვაასი ათასი წლით დათარიღებულ ფენებში განამარხებულ ცხოველთა ნაშთები და ადამიანის მიერ დამზადებული ქვის იარაღები იპოვეს. ხოლო ადამიანის ნაშთი ოროზმანში პირველად 2022 წელს აღმოაჩინეს… და ეს იყო ადამიანის კბილი.
რას გვეუბნება ეს აღმოჩენები და რისი თქმა შეუძლიათ ამ ნაშთებს?
„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში უკვე გვაქვს 2 მყარად წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლი – დმანისი და ოროზმანი, რომლებიც წარმოადგენენ პირველი ევრაზიელების დასახლებებს. ეს ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გვეუბნება. პირველ რიგში, გვეუბნება იმას, რომ აფრიკიდან ამოსული ადამიანები რატომღაც გაჩერდნენ სამხრეთ კავკასიის, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს აღმოჩენა ასევე გვეუბნება, რომ ეს ადამიანები აქ იმიტომ გაჩერდნენ, რომ მათ ძალიან მოსწონდათ აქაური გარემო. აქ იყო ტბები, აქ იყო მდინარეები. შესაბამისად, იყო ბევრი წყალი და შესაბამისად, იყო ბევრი საკვებიც… ნაშთებს ძალიან ბევრი რაღაცის მოყოლა შეუძლიათ. შეუძლიათ, მოგვიყვნენ როგორ გარემოში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, რით იკვებებოდნენ, როგორი პრეფერენციები ჰქონდათ”, – ჰყვება არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი.
ახალი აღმოჩენების პარალელურად არსებობს გამოწვევებიც. გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ მათ არ აქვთ არანაირი დაფინანსება. სწორედ ამიტომ ისინი დამოკიდებულნი არიან საველე სკოლაზე, სადაც ჩამოდიან უცხოელი სტუდენტები და სწორედ მათი გადასახადებით ფინანსდება შემდეგ ექსპედიცია, რომელიც გიორგი ბიძინაშვილის თქმით, საკმაოდ ძვირი ჯდება. გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა კერძო სექტორის ჩართულობა.
„არ არის არაფერი მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მაღალი მნიშვნელობისა, როგორც არის მეცნიერების განვითარება და განათლების განვითარება. კონკრეტულად კი ოროზმანის კვლევა ორივეს ემსახურება“, – ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.
ახალი აღმოჩენა საბოლოოდ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალური ფონდის საცავში განთავსდება.
„თვითონ აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ის, რომ ეს ნამარხი თანადროულია სავარაუდოდ დმანისელი ჰომინიდების, ანუ ეს გახლავთ უძველესი ჰომინიდი აფრიკის გარეთ და ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებულად ახალ ინფორმაციას მოგვცემს თვითონ ჰომინიდის ტიპზე. ეს არის საერთაშორისო დისკუსიის თემა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება უშუალოდ დმანისელი ჰომინიდი. ოროზმანი გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ უფრო მეტი ცოდნა”, – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე სამუშაოები გრძელდება. ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, ევრაზიის პირველი მცხოვრებლების შესახებ ოროზმანში, შესაძლოა, კიდევ ბევრ საიდუმლოს აეხადოს ფარდა.