გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მდინარე შპრეეში ცურვა აკრძალულია, რადგან ის წლების მანძილზე იმდენად იყო დაბინძურებული, რომ ხალხში შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოეწვია.
17 ივნისს დაახლოებით 200-მა ადგილობრივმა მდინარე შპრეეში შეცურა, რათა ეჩვენებინათ, რომ ის სუფთაა და უსაფრთხო.
უკვე რამდენიმე წელია ჯგუფი სახელწოდებით „ბერლინის მდინარის აუზი“ ცდილობს, რომ მდინარე შპრეე კვლავ გახდეს ხელმისაწვდომი ხალხისთვის.
„ჩვენ ვართ არაკომერციული ასოციაცია სახელწოდებით „ბერლინის მდინარის აუზი“ და ვცდილობთ, რომ ხალხმა მომავალში კვლავ შეძლოს მდინარე შპრეეში ცურვა. წყლის ხარისხი საკმარისად კარგია სეზონზე საცურაოდ. ის ბევრად უკეთესი გახდა.“-ამბობს იან ედლერი, ასოციაციის „ბერლინის მდინარის აუზი“ წევრი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე სიღრმისეულად გაიწმინდა, ხოლო წყლის ხარისხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და მუდმივად კონტროლდება.
„გერმანიაში არსებობს კანონი წყლის შესახებ. ამ კანონით, ხალხს აქვს უფლება, რომ გამოიყენოს წყლის ობიექტი. ვფიქრობთ, რომ ეს საყოველთაო აკრძალვა რეალურად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამ ეტაპზე გვინდა, რომ აქაურობა თანდათანობით გავხსნათ და ბერლინის მოსახლეობამ შპრეე კვლავ გამოიყენოს რეკრეაციული მიზნებისთვის.“-ამბობს იან ედლერი, ასოციაციის „ბერლინის მდინარის აუზი“ წევრი.
ბერლინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საკითხს განიხილავენ და შესაძლებელია, რომ 2026 წელს მდინარეში ცურვა კვლავ გახდეს ხელმისაწვდომი.
ცურვის აკრძალვის მოხსნის მომხრეებს ასევე მოჰყავთ პარიზის მაგალითი, სადაც მდინარე სენა გასულ წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მოცურავეებისთვის გაიხსნა, ამ ზაფხულს კი ის პარიზელებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. იქ ცურვა 1923 წლიდან იყო აკრძალული.
ბერლინში, მდინარე შპრეეში ცურვა კი 1925 წლიდან არის აკრძალული. წინა საუკუნეში მდინარე მხოლოდ დასვენებისთვის და ცურვისთვის არ გამოიყენებოდა. ღარიბებს, ვისაც სახლში სველი წერტილები არ ჰქონდათ, სწორედ აქ ბანაობდნენ, რამაც მდინარის დაბინძურება გამოიწვია. დღეს კი წყალი უმეტესად სუფთაა, გარდა იმ დღეებისა როცა ძლიერად წვიმს, რაც წყლის გარკვეულ დაბინძურებას იწვევს.
კიდევ ერთი პრობლემაა შპრეეზე ნავების გადატვირთული მოძრაობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოცურავეებს. თუმცა, ამ ეტაპზე, “ბერლინის მდინარის აუზს” მხოლოდ 1.8 კმ სიგრძის არხის გახსნა სურს, სადაც ნავები არ იმოძრავებენ.