პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ კვირას ისრაელის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 12 ადამიანი ემსხვერპლა.
პალესტინელები მიდიოდნენ დახმარების განაწილების პუნქტებამდე, რომლებსაც ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი მართავს. ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათ გაფრთხილების მიზნით გაისროლეს იმათ მიმართულებით, ვინც მათ ძალებს უახლოვდებოდა.
11 ადამიანის ცხედარი ქალაქ ხან-იუნისში ნასერის საავადმყოფოში გადაასვენეს, სწორედ აქ გაიმართა პანაშვიდი. პალესტინელი თვითმხილველები ამბობენ, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის ჰუმანიტარული ფონდის მიერ მართული ადგილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მყოფ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი.
ალ-ავდას საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათთან მიასვენეს ერთი მამაკაცის ცხედარი, ასევე მიიყვანეს 29 დაჭრილი, რომლებსაც ცენტრალურ ღაზაში დახმარების განაწილების სხვა პუნქტთან ახლოს ესროლეს. ისრაელელმა სამხედროებმა ამ შემთხვევაშიც განაცხადეს, რომ დაახლოებით დილის 7 საათზე ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გაფრთხილების მიზნით იმოქმედეს, რასაც, მათი მტკიცებით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხშირი იყო სროლები დახმარების ახალი პუნქტების მახლობლად, სადაც 20-თვიანი ომის შემდეგ ათასობით სასოწარკვეთილი პალესტინელი საკვების მისაღებად მიდის. ბოლო ინფორმაციით, დახმარების ცენტრების გახსნიდან დღემდე 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ჯამში კი გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის საავადმყოფოებში 108 პირის ცხედარი მიასვენეს. ისრაელი აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ღაზას მასშტაბით ათობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში.