„ისრაელის მთავრობა „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ღაზაში ახალი ერთეულის შექმნას გეგმავს” – ამის შესახებ 2023 წლის დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი იუწყება.
32-გვერდიანი ნაშრომი სახელწოდებით „ღაზის უსაფრთხოებისა და აღდგენის პროგრამა: როგორი უნდა იყოს მომდევნო დღე“, – ისრაელის თავდაცვის და უსაფრთხოების ფორუმის მიერაა შექმნილი – ჯგუფის, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების ძალების 35,000-ზე მეტ რეზერვისტს მოიცავს, ისევე როგორც, ავტორიტეტიან „იერუსალიმის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა ანალიტიკურ ცენტრს“.
დოკუმენტში საუბარია ღაზის სექტორის ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და ინფრასტრუქტურის აღმშენებლობის შესახებ; ასევე ე.წ. „მომაკვდინებელი იდეოლოგიის აღმოფხვრისა“ და „დენაციფიკაციის პროცესის“ შესახებაც.
როგორც ნაშრომში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზნები ჯერ მიღწეული არაა, აუცილებელია მომზადდეს თანმიმდევრული გეგმა „ჰამასის“ დაცემის შემდეგ, ღაზის სექტორში კონტროლის დამყარების მიზნით.
გეგმა ცალსახად გამორიცხავს პალესტინის სუვერენიტეტს და ტერიტორიაზე გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ყოფნას, როგორც ჰუმანიტარული დახმარების წყაროს. დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, აპირებს თუ არა ისრაელი ღაზის სექტორის ანექსიას, თუმცა ნათელია, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ღაზის ადმინისტრირებაში მეტი ჩართულობა სურს.
დოკუმენტის ავთენტურობა ევრონიუსს ანონიმურობის პირობით, ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და ქნესეთის ულტრამემარჯვენე პარტიის წევრებმა დაუდასტურეს.