თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობდა. დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ „ნებისმიერი ოდენობის გირაო“ შესთავაზა, თუმცა მოსამართლე მიხეილ ჯონჯოლიამ აღკვეთის ღონისძიება უცვლელი დატოვა.
პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის მტკიცებით, გიორგი ახობაძის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ იგი მიიმალება.
.
გიორგი ახობაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
თავად გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. მან 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა, იგრძნო, რომ ჯიბეზე ეხებოდნენ, თუმცა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, რამდენიმე ადამიანს მეწინააღმდეგებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.