ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში ჩაატარეს ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომლებიც რეგიონში ძალის დემონსტრაციას ისახავს მიზნად. წვრთნების პარალელურად თეირანის ბირთვული პროგრამა სწრაფად ფართოვდება, ხოლო იემენის ჰუსიტი ამბოხებულები გემებზე ახალი თავდასხმებით იმუქრებიან.
ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2025”, ომანის ყურეში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ჩატარდა. ეს სრუტე, რომელიც სპარსეთის ყურის ვიწრო შესასვლელია, მსოფლიო ნავთობის სატრანზიტო გზაა.
ირანს არაერთხელ დაუკავებია კომერციული გემები და სავარაუდო თავდასხმაც განუხორციელებია ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთპიროვნულად გამოიყვანა აშშ თეირანის ბირთვული შეთანხმებიდან.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ირანში, ჩაბაჰარის სტრატეგიულ პორტსა და სანაპიროებზე. ეს წვრთნები გზას გაუკვალავს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. წვრთნების ფარგლებში ჩვენ გადავდგით ნაბიჯები არა მხოლოდ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, არამედ შეტევითი ძალის გასაძლიერებლად. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვქონდა. უეჭველია, რომ ეს დიქტატორები (აშშ), რომლებიც ჩვენი აზრით, მოძალადეს ჰგვანან, არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშაონ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და თავიანთი ხალხის ინტერესები პრიორიტეტად აქციონ. ისინი კვლავ იმ ილუზიაში იმყოფებიან, რომ ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც 100 ან 200 წლის წინ”, – განაცხადა ირანის საზღვაო ძალების სარდალმა შაჰრამ ირანმა.
უკვე მეხუთე წელია, რაც ეს სამი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. სწავლება მიმდინარეობს აშშ-სა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იმ დროს, როცა ტრამპი ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი და რუსეთი აქტიურად არ პატრულირებენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომლის წყლებს გლობალური ენერგომომარაგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ფუნქცია ძირითადად დასავლურ ქვეყნებს, კერძოდ, აშშ-ის ბაჰრეინში განლაგებულ მე-5 ფლოტს აქვს მინიჭებული.