მთავარიმსოფლიოუკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა

უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა

საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა და ახლა ისინი იმავე შეთავაზებით მოსკოვში გაემგზავრებიან. ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხსნიან შეზღუდვას უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების მიწოდებაზე.

„დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს. ეს გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტასა და დაუყოვნებელ მოლაპარაკებებს, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს გრძელვადიანი, მდგრადი შედეგებით და ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებასა და უფლებას, განვითარდნენ როგორც ერი. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო, ორივეს გვინდა მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთის სამეფოს, მის უდიდებულესობას ჩვენი მასპინძლობისთვის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში და ჩვენ მადლობელი ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეთავაზებას ახლა რუსებსაც გავუკეთებთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას დასთანხმდებიან. ბურთი ახლა მათ მოედანზეა“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

განცხადებები გააკეთა უკრაინულმა დელეგაციამაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის თქმით, უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს მზადყოფნა გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ჯერია, უპასუხოს შეკითხვას – სურს თუ არა მოსკოვს მშვიდობა?

„ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხს მხოლოდ უკრაინა არ ელოდება, ამას მთელი მსოფლიო ელოდება. რუსეთმა ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას, უნდათ თუ არა მათ მშვიდობა? უნდათ თუ არა მათ იმ ომის დასრულება, რომელიც დაიწყეს? დღეს უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და გასაგები იყო და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მთელი მსოფლიოდან გაიგებენ ამას, რადგან ომმა მრავალი კრიზისი შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში გაიგონ, ვის სურს მშვიდობა“, – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.

მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ვიდეომიმართვაში მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, აშშ მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს.

„დღევანდელი დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილია, აშშ-ის მზადყოფნა აღადგინოს უკრაინის სამხედრო დახმარება, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. როდესაც შეთანხმება ძალაში შევა, ამ 30 დღის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლება პარტნიორებთან ერთად დოკუმენტების დონეზე ვიმუშაოთ, მშვიდობის საიმედოობისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებისთვის“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, ამერიკული დელეგაცია რუსეთთან შეხვედრას ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გამართავს.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ხედავს განსხვავებასა და პროგრესს, ბოლო, 28 თებერვლის შეხვედრასთან შედარებით. ის ხაზს უსვამს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ამ ომის დასრულება გვსურს. ვფიქრობ, ძალიან დიდი განსხვავებაა ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც თქვენ იხილეთ ოვალურ კაბინეტში. ეს იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა თანახმაა და იმედია, რუსეთიც დასთანხმდება. ჩვენ მათთან შეხვედრას მოგვიანებით ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია და რუსეთი ამას გააკეთებს. თუ ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ უბრალოდ გავაგრძელებთ და ხალხი დაიღუპება, უამრავი ადამიანი დაიღუპება“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდება, თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის, ამერიკული დელეგაცია ამაზე ზუსტ პასუხს არ იძლევა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა – „ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend