სირიის ახალმა დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სანაპირო რეგიონში დასრულდა სამხედრო ოპერაცია.
სირიის ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ორგანიზაციის მონაცემებით, სირიაში დროებითი მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს 1130 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 830 მშვიდობიანი მოქალაქე.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მამამისი ტაქსის კომპანიაში მუშაობდა. დამასკოში გამოძახება ჰქონდა და სამუშაოდ წავიდა. როდესაც საღამოს სახლში ბრუნდებოდა, საგუშაგოზე გააჩერეს და მოკლეს.
ბრძოლის ქარცეცხლში მოექცა რამდენიმე საავადმყოფოც. ჯაბლეის საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ 24 საათის განმავლობაში შენობიდან ვერ გამოდიოდნენ. დერეფნები სავსეა ასაფეთქებლებით. ჩამსხვრეულია მინები.
მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ კონტროლი დაამყარეს სანაპირო რეგიონზე.
განცხადების მიუხედავად, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებული პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან თავდაცვის სამინისტროსთან, კვლავ აგრძელებენ ძალადობრივ შეტაკებებს ბანიასის სანაპირო ქალაქებში.
ძალადობის პირველი ტალღა შეიარაღებული პირების მიერ ალავიტებზე მოულოდნელი თავდასხმა იყო საპორტო ქალაქ ლატაკიასთან, ხუთშაბათს კი სირიის სანაპირო რეგიონში მთავრობასთან დაკავშირებულ ჯგუფებსა და ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის ბრძოლა დაიწყო. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.