ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარები წერილში სოლიდარობას უცხადებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე 50 დღეა, საქართველოს ქუჩებში აქციებს მართავენ ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად. ტექსტში საუბარია ვადამდელი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზეც.
„„ქართულმა ოცნებამ” ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. უარესობისკენ მიმავალი ვითარება საქართველოში პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.
ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას. ასევე მოვუწოდებთ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო“, – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.