მთავარიევროპარუსეთირუსი გენერლის მკვლელობის გამო მოსკოვი კიევს ემუქრება

რუსი გენერლის მკვლელობის გამო მოსკოვი კიევს ემუქრება

რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობის ბრალდებით უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს. კირილოვი 17 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის წინ სკუტერში ჩამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა. მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო.

იგორ კირილოვი ბირთვულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა. სწორედ მან გასცა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა პირობა დადო, რომ კიევს სამაგიეროს გადაუხდის.

„ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცავმა უწყებებმა მკვლელები უნდა იპოვონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კიევში მყოფი დამკვეთები გაანადგურონ. დამკვეთი უკვე ცნობილია – ეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაა“, – ამბობს დმიტრი მედვედევი.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაეხმარა შეერთებული შტატები კიევს გენერლის მკვლელობის ოპერაციის დაგეგმვაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ იგორ კირილოვის მკვლელობასთან ამერიკას საერთო არაფერი აქვს.

„ცხადია, ის იყო გენერალი, რომელსაც უამრავი სისასტიკე აქვს ჩადენილი. კირილოვი ხელმძღვანელობდა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასაც. ამაზე აშშ-მ საჯაროდ ადრეც განაცხადა, თუმცა ამ ოპერაციაში შეერთებული შტატები ჩართული არ ყოფილა“, – ამბობს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

მოსკოვი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. კრემლი მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებაში კიევს ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend