მთავარისაქართველოსაქალაქო სასამართლომ ყველა საქმეზე დემონსტრანტები დამნაშავედ ცნო - 300-მდე საქმე განსახილველია

საქალაქო სასამართლომ ყველა საქმეზე დემონსტრანტები დამნაშავედ ცნო – 300-მდე საქმე განსახილველია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა საქმეებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ცხელ ხაზზე 19 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით 450-ზე მეტი ზარი შევიდა. ამ ხნის განმავლობაში ქსელის ადვოკატებმა იზოლატორებში 300-ზე მეტი პირი მოინახულეს. დაკავებულთა უმეტესობა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა და მათ სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანებები ჰქონდათ.

114 საქმიდან, რომლებზეც საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა, პოლიცია დემონსტრანტებს ხულიგნობას ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ყველა ეს პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მათ უმრავლესობას ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატების ცნობით, პატიმრობა შეუფარდეს – 42-ს, დააჯარიმეს – 63, ხოლო სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს 9 დემონსტრანტს.

სასამართლო პროცესები საპროტესტო აქციების პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დარჩენილია 300-მდე საქმე, რომლებზეც სასამართლომ უახლოეს პერიოდში უნდა იმსჯელოს.

„დაკავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, პირები მსგავსი დაზიანებით იმყოფებოდნენ სასამართლოს დარბაზებშიც. დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, ჯერჯერობით, ამ დრომდე, საპოლიციო ძალების არცერთი წარმომადგენელი არ დასჯილა.

ჩვენი ადვოკატები ყოველდღიურად მორიგეობენ და ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდება, ვეხმარებით – მათი წარმომადგენლები ვართ სასამართლოში”, – ამბობს ვერიკო ჯგერენაია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend