26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ლიდერებმა ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშორეს.
მისი თქმით, გადაწყდა საქართველოში ევროკავშირიდან „ტექნიკური მისიის“ გამოგზავნა. როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ბლოკი ასევე მიიწვევს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს წევრი ქვეყნებისთვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების წარსადგენად.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაერთიანების კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, თუმცა ხელისუფლების ქმედებები, მათ შორის საარჩევნო პროცესის წარმართვის ფორმა, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას აშორებს.
„გასულ თვეს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა იყო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს. ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს.
ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს. არჩევნები უნდა იყო გამოძიებული, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს.
საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა. ჩვენ მოვიწვევთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, რათა მათ შეაფასონ არჩევნების შესაბამისობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებსა და რეგულაციებთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
18 ნოემბრის დილიდან მიმდინარეობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იყო.