ევროკავშირის მინისტერიალზე, რომელიც 14 ოქტომბერს სტრასბურგში გაიმართა, ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოსა და მოლდოვის თაობაზე იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს არჩევნებზე, რომელიც ორივე ქვეყანაში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ორივე ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას.
მისივე თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.
„საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების თვალსაზრისით. დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, – განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი დაშინების ფონზე მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.