არგენტინის ტერიტორიაზე მოსახლეობას საშუალება მიეცა, რომ მზის დაბნელება ენახა. სპეციალური სათვალეებითა და ეკიპირებით აღჭურვილმა მაყურებელმა ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა საკუთარი თვალით იხილა.
როცა დედამიწა, მზე და მთვარე ერთ მწკრივად განლაგდება, მთვარის მიერ შექმნილი ჩრდილით მზე რამდენიმე წამით ბნელდება.
„საოცარი ბუნებრივი მოვლენაა მზის დაბნელება, რომელსაც ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ უყურებ. აქ ვარ ჩემს მეგობართან ერთად, რომელსაც 40 წელია ვიცნობ და მისი აზრით, ეს დაბნელება კარგის ნიშანია“,-ამბობს მარიელ ვილარი, ტურისტი.
რგოლისებრი მზის დაბნელების დროს მთვარე მზის რკალისებური ფორმის გარდა ყველაფერს ფარავს. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარე იმყოფება ორბიტის ისეთ წერტილში, რომელიც დედამიწიდან უფრო შორს არის.
ძირითადად, წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე მოხდა ეს დაბნელება, რომელიც არგენტინის გარდა ჩილედან და ასევე აღდგომის კუნძულიდანაც იყო ხილული.
„უამრავი ემოცია გეუფლება. არ ვიცი, როგორ გითხრათ. ეს არის ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, უნდა იგრძნო და საკუთარ თავზე გამოცადო. ბედნიერი ვარ, რომ ამ სასწაულის ნახვის საშუალება მომეცა“, – ამბობს იოლი არსეტი, ტურისტი.
მზის ნაწილობრივი დაბნელება, როდესაც მზე ნახევარმთვარის სახით ჩნდება, ბრაზილიიდან, პარაგვაიდან, ურუგვაიდან და ჰავაიდანაც გამოჩნდა.
მზე დედამიწაზე წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ და მაქსიმუმ 5-ჯერ ბნელდება.