მთავარიაზიაისრაელიირანმა ისრაელის მიმართულებით 200 - მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 200 – მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

სამშაბათს ღამით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც მიმდინარე კონფლიქტის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონულ ომში გადაზრდის რისკი გააჩინა.

ირანის ხელისუფლების თქმით, თეირანის ეს ნაბიჯი პასუხია ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვის რამდენიმეკვირიან კამპანიაზე, რომელსაც ასობით სიცოცხლე შეეწირა. ირანი იუწყება, რომ თუ ისრაელი არ გაჩერდება, ისინი ამ თავდასხმებს გაიმეორებენ.

„თუ სიონისტური რეჟიმი, რომელიც გაგიჟდა, აშშ-ისა და ევროპის მიერ არ იქნება შეჩერებული და განაგრძობს მსგავსი დანაშაულების ჩადენას ან რაიმეს იზამს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ამ ღამის მსგავსი ოპერაცია მომავალშიც განმეორდება. ჩვენ მათ ყველა ინფრასტრუქტურას მიზანში ამოვიღებთ“, – აცხადებს მუჰამედ ბაგერი, ირანის სამხედრო ძალების შტაბის უფროსი.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდო, თუმცა რამდენიმე ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

რაკეტების განეიტრალებაში ჩართული იყო აშშ-ის საჰაერო ძალებიც, რომელმაც ისრაელს დახმარება ხმელთაშუა ზღვაში მდგომი ამერიკული საზღვაო ხომალდებიდან გაუწია. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანმა ამ ღამით დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის შესაბამის საფასურს გადაიხდის. აგრეთვე, მან დიდი მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და აშშ-ს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისათვის.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს: ვინც თავს დაგვესხმება – ჩვენც მათ დავესხმებით თავს. ეს ასეა ყველგან, სადაც ჩვენ ბოროტების ღერძს ვებრძვით. ეს ასე იყო იუდეისთვისა და სამარიისთვის, ღაზისთვისა და ლიბანისთვის, იემენისა და სირიისთვის და ეს ასე იქნება ირანისთვისაც. ჩვენ ბოროტების ღერძს ყველგან შევებრძოლებით“, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმებს ირანსა და ერაყში ხალხი ოვაციებით შეხვდა. თეირანსა და ბაღდადში მოსახლეობა ამ ფაქტის აღსანიშნად ქუჩებში გამოვიდა და ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ისმოდა შეძახილები – „სიკვდილი ისრაელს“.

ირანის თავდასხმებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. მომხდარს გამოეხმაურნენ აშშ-ისა და ევროპის ლიდერები. მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელსა და ისრაელელ ხალხს.

„აშშ-სა და ისრაელს შორის ინტენსიური თანამშრომლობაა, ირანის მხრიდან მსგავსი თავხედური თავდასხმის გეგმების წინააღმდეგ. არ შეცდეთ, აშშ ისრაელს სრულად, სრულად უჭერს მხარს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

„ბოლო საათებში ირანის რეჟიმმა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. თავდასხმის შედეგების სრულად შეფასებისთვის ჯერ ადრეა, თუმცა მე ვგმობ ირანის რეჟიმის თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, რითაც ამ საშიშ ვითარებაში რეგიონი ომის ზღვარს მიუახლოვა. ჩვენ ამას ვერ მოვიწონებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს და ვაღიარებთ მის უფლებას დაიცვას თავი აგრესიისგან. ირანმა უნდა შეაჩეროს სარაკეტო შეტევები თავის მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან ერთად“, – ამბობს კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ჯო ბაიდენმა, აგრეთვე, დაავალა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ისრაელის მხარდასაჭერად ნებისმიერი ხელმისაწვდომი რესურსი გამოიყენონ. ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას იქამდე, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ.

საპასუხო თავდასხმის მოლოდინში ირანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საჰაერო სივრცე დაიხურა, გაუქმდა ფრენები და დაიკეტა აეროპორტები. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრიდან არ გამოვიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend