„ვლადიმერ პუტინ, ვიცით, ვინ ხარ, როდესაც უკრაინის საავადმყოფოებს რაკეტებს ესვრი, როდესაც აფრიკის ქვეყნებში დაქირავებულებს აგზავნი, როდესაც მოწინააღმდეგეებს ევროპის ქალაქებში კლავ. შენი ინტერესი მაფიოზური სახელმწიფოს მაფიოზურ იმპერიად გადაქცევაა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ გუშინ, 24 სექტემბერს, გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომაზე, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს. სხდომას ესწრებოდა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვასილი ნებენზია, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი „წარმოდგენისთვის“ პლატფორმის დათმობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რადგან დასავლეთი არ ტოვებს გზას კიევის ამჟამინდელი რეჟიმის, ნებენზიას თქმით, „სიმსივნური წარმონაქმნის“ მშვიდობიანად მოშორებისთვის, რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ კრემლის ამოცანების სამხედრო გზით მიღწევამდე გაგრძელდება.
„დასავლეთის ქვეყნებმა ატმოსფეროს მოწამვლისგან თავი ვერ შეიკავეს და საეთერო დრო უკრაინის შეთქმულებით კიდევ ერთხელ შეავსეს. ამ ბანალურობამ დანარჩენი მსოფლიო დაღალა. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს შეხვედრა გადაიცემა, ბატონი ზელენსკის კიდევ ერთი საკონცერტო წარმოდგენით უზრუნველყოფაა, ამჯერად, უშიშროების საბჭოდან.
ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელებს. უკრაინა ჩვენი მოძმე ერია, რომელთანაც განუყოფელი ისტორიით ვართ დაკავშირებული, მაგრამ თუ დასავლური ბანაკი არ მოგვცემს საშუალებას, მშვიდობიანად დავაღწიოთ თავი ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“, რომელსაც კიევის ამჟამინდელი რეჟიმი წარმოადგენს, ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ჩვენს ამოცანებს სამხედრო გზებით არ მივაღწევთ.
მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის დარტყმებმა 600-მდე ლიბანელის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა უშიშროების საბჭოს დასავლელ წევრებს ეს დარბაზი სპეციალურად ჰქონდათ დაჯავშნილი უკრაინის „ვადაგასული“ პრეზიდენტის პიარისთვის და რომ არა განვითარებადი არაბული ქვეყნები, რომლებმაც 28 სექტემბერს შეხვედრა მოითხოვეს, უშიშროების საბჭო ღაზაზე მსჯელობას ამ კვირაში არც კი განიხილავდა“, – თქვა ვასილი ნებენზიამ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.
„ჩვენ ვიცავთ იმას, რისი დაცვაც ნებისმიერი ერის სურვილი იქნებოდა. ვიცავთ იმას, რასაც გაეროს ქარტია ყველას გვანიჭებს. რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის ტყუილებით უწევს, გაამართლოს თავისი ომი და არა ჩვენ.
რუსეთი დუმდა, რადგან ვერ აეხსნა, რატომ მოხვდა რუსული რაკეტა ეგვიპტის პორტში შავი ზღვის გავლით მიმავალ მარცვლეულის გემს სულ ახლახან. იგი დუმს, ან იტყუება იმის შესახებაც, თუ რატომ ხვდება მისი დრონები პოლონეთის, მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში. უკრაინელები ყოველ დღე იჭრებიან და იხოცებიან. დღეს, კიდევ ერთხელ, რუსული ბომბები საცხოვრებელ შენობებს მოხვდა. სამიზნე ჩვეულებრივი პურის ქარხანა იყო. პურის ცხობაც საფრთხეა რუსეთისთვის?
ახლა, როცა ომის მესამე ზამთარს ვუახლოვდებით, რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი ემზადებიან ჩვენი ატომური ელექტროსადგურების მიზანში ამოსაღებად, სამ მათგანს უმიზნებენ და ამის შესახებ ინფორმაციასთან ერთან მტკიცებულებასაც ვფლობთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ორი დღის წინ მიღებულ „მომავლის პაქტში“ მსოფლიოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდებისადმი ერთგულება. ჩვენი ორგანიზაცია თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქარტია ცალსახად ადგენს, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი ყველა სახელმწიფომ უნდა შეიკავოს და საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, ათი წლის წინ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის ანექსიის შემდეგ, ამ პრინციპების ცალსახა დარღვევაა. მშვიდობიანი მოსახლეობა ომის ფასის გადახდას აგრძელებს. დაღუპულთა რიცხვი იზრდება. თითქმის 10-მა მილიონმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. სისტემატურ თავდასხმებს საავადმყოფოებზე, სკოლებზე, სუპერმარკეტებზე მხოლოდ ტკივილი და უბედურება მოაქვს. ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და ელექტროენერგიის შეწყვეტამ მილიონობით ადამიანი დატოვა სიბნელეში. სადაც არ უნდა ხდებოდეს და ვისი პასუხისმგებლობაც არ უნდა იყოს, თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე მკაცრად ვგმობ”, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა.
„თქვენი სიმამაცე და გამბედაობა ყველასთვის შთამაგონებელია, თუმცა, მინდა პირდაპირ მივმართო კრემლს, მის წარმომადგენელს გაეროში და ვლადიმერ პუტინს. რუსეთი ამ საბჭოში ზის, თუმცა მისი ქმედებები გაეროს წესდებას არღვევს. რუსეთი ამ საბჭოშია, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შაბათ-კვირას მან წარმოადგინა ცვლილებები, რომლებიც გაეროს მომავლის დანგრევას ემსახურება. რუსეთი ამბობს, რომ გლობალურ სამხრეთს უჭერს მხარს, თუმცა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ.