თურქეთის რესპუბლიკის ლიდერის განცხადებით, პალესტინელი ხალხის დახმარების მიზნით შესაძლოა, თურქეთის სამხედრო ძალები ისრაელში შევიდნენ.
ქვეყნის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ისრაელშიც ისევე შეიყვანს ჯარებს, როგორც ეს 2020 წელს ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად შეიყვანა.
თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ინტერვენციაზე საუბრობდა.
„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმაურება და ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს.
ჰუსეინი ერაყის ლიდერი იყო, რომელიც 2003 წელს დააკავეს და შემდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს.
148 შიიტის მკვლელობისთვის ყოფილი დიქტატორის სიკვდილით დასჯა კი, ერაყის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა.
ארדואן הולך בדרכו של סדאם חוסיין ומאיים לתקוף את ישראל. רק שיזכור מה קרה שם ואיך זה הסתיים.@RTErdogan pic.twitter.com/6GykLtLoh4
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) July 28, 2024
„ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს“, – წერს კაცი სოციალურ ქსელში.