აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატის შემდეგ ისმის კითხვები, არის თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად, გააგრძელოს წინასაარჩევნო კამპანია. დემოკრატი გუბერნატორების ჯგუფი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით შეხვდა პრეზიდენტს, აცხადებს, რომ ისინი დგანან ჯო ბაიდენის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის ზოგიერთი წევრი მოქმედ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დატოვებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ, ისევე როგორც ბევრი ამერიკელი, ვღელავთ. ვღელავთ, რადგან ტრამპის პრეზიდენტობის საფრთხე არამხოლოდ თეორიულია. ჩვენ ვმუშაობდით, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იყო და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე რეალური იყო”, – ამბობს მინესოტის გუბერნატორი.
„პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან გვქონდა შესანიშნავი საუბარი, რაც იყო გულწრფელი. ვფიქრობთ, რომ როდესაც ვინმე გიყვარს, მას ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს აქ მოვედით სიმართლის სათქმელად. ჩვენ გულწრფელები ვიყავით იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვესმის მოსახლეობისგან“, – აცხადებს მერილენდის გუბერნატორი ვეს მური.
კომენტარი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეით ჰოუკლიმაც გააკეთა: „დღეს აქ ვარ იმისათვის, გითხრათ, რომ ჯო ბაიდენი აპირებს გამარჯვებას და თითოეულმა ჩვენგანმა გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რადგან ფსონები ამჟამად ძალიან მაღალ საფეხურზეა. ჩვენ მონარქიისა და ტირანიის საფრთხის წინაშე ვდგავართ და სწორედ ამიტომაც მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს, რათა შევებრძოლოთ ამ ძალას, ძალას, რომელსაც დონალდ ტრამპი ჰქვია”.