მთავარიევროპაშვეიცარია„სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნება”

„სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნება”

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე, შეკრებული ოთხმოცამდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნება. ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ შინაარსის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ეს ერთობლივი დოკუმენტი ორდღიანი კონფერენციის კულმინაცია იყო. კონფერენციას 100-ამდე დელეგაცია დაესწრო, ძირითადად, დასავლური ქვეყნებიდან. თუმცა იქ ასევე იყვნენ: არგენტინის, ეკვადორის, კენიისა და სომალის მთავრობის წარმომადგენლები. აშშ-იდან ამ კონფერენციას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ესწრებოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შვეიცარია, 16 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Laurent Cipriani

„ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას არა ქველმოქმედების მიზნით, არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი და მათი მომავალი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. ჩვენს ინტერესებშია ისეთი საერთაშორისო წესებისა და ნორმების დაცვა, როგორებიცაა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

ოთხმოცამდე ქვეყნის მიერ ხელმოწერილ საბოლოო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაეროს ქარტია და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა უნდა იყოს საფუძველი უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

მსგავსი შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის სრულიად მიუღებელია. სამშვიდობო სამიტს წინ უსწრებდა მისი განცხადება, რომელშიც პუტინი ამბობდა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიების ნაწილი და უარი განაცხადოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე.

კონფერენციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კვლავ თანახმა იყო, თუმცა ასევე დასძინა, რომ შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო კონფერენციას არავითარი შედეგი არ ჰქონია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ქვეყანასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. ეს არის ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია. ის კვლავაც ღიაა დიალოგისთვის – სერიოზული, არსებითი და პროდუქტიული დისკუსიისთვის. სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გასული კვირის ბოლოს წამოაყენა, ასევე დღის წესრიგში რჩება“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შვეიცარიაში გამართულ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაცია მიწვეული არ იყო, თუმცა მონაწილეების დიდმა ნაწილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მომავალში დაესწრება მსგავს სამშვიდობო ღონისძიებებს. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას ასევე არ დაესწრო ჩინეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend