რუსეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტს იხსენებენ გადარჩენილები.
მოქალაქეები ჰყვებიან, როგორ გახსნეს ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა კონცერტის დამსწრეთა მიმართულებით. მათ თქვეს, რომ სროლის ხმა ტერორისტების დარბაზში შესვლამდე ესმოდა.
„სროლის ხმა იყო, შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა. მერე ისევ გაისმა. თითქოს შორიდან ფოიერვერკებს უშვებდნენ. გასროლის ხმა სულ უფრო ახლოდან გვესმოდა. ჩვენ საკონცერტო დარბაზში ვიყავით. არ ვიცოდით, სად უნდა წავსულიყავით, რა უნდა გაგვეკეთებინა, ამან ყველაზე მეტად შემაშინა. წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა“, – იხსენებს მარია.
მარია და სხვა გადარჩენილები გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ცენტრში, რომელიც კრასნოგორსკში, დედაქალაქის გარეუბანში მოეწყო.
„რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ჩემმა ახლოს მყოფებმა ხოხვით გასვლა დავიწყეთ, შემდეგ კი დარბაზიდან გავიქეცით. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც იმ საღამოს იქ მუშაობდა. ისინი მიგვითითებდნენ, საით უნდა წავსულიყავით. მათ დიდი საქმე გააკეთეს. ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ასობით, შეიძლება ათასობით ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინეს“, – ამბობს ტერაქტს გადარჩენილი მარია.
24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის სამართალდამცველებმა 4 პირი ადგილზე დააკავეს. შემდეგ კი შვიდი პირი დააპატიმრეს თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი უკრაინაში გაქცევის დროს დააკავეს. კიევი თავდასხმაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.