მთავარისაქართველოპოლიტიკოსების შეფასებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაზე პარლამენტში

პოლიტიკოსების შეფასებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაზე პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში პოლიტიკურ წრეებში განსჯის საგანი გახდა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ მმართველი პარტიის დეპუტატები გაანაწყენა.

მათი შეფასებით, პრეზიდენტისგან  გადაჭარბებული კრიტიკა მოისმინეს, ასევე ნაკლები სიღრმე და მცირე ინფორმაცია ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაშიც დაადანაშაულა, რადგან მათი თქმით, პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი მთავრობასთან არ შეათანხმა.

ზოგიერთმა მის იმპიჩმენტზე გააკეთა ირიბი მინიშნება. მოგვიანებით კი იმპიჩმენტის საკითხი პრეზიდენტის სიტყვიერი კრიტიკით შეიცვალა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია, ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია მისი ჟესტი. იქნებ, შეთანხმების შემთხვევაში სხვანაირად ხდებოდა. წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისგან დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული დისკომუნიკაცია. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც საგარეო მიმართულებითაა პასუხისმგებელი. რადგან ეს რგოლი არ იყო საქმის კურსში და არ ჰქონდა ეს საკითხები გავლილი მთავრობასთან, შესაძლებელია, ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია უარი. თუ პრეზიდენტს გარკვეული აქტივობის განსახორციელებლად სჭირდება მთავრობის თანხმობა და ამ თანხმობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ამას არ შეიძლება, ეწოდოს დაბლოკვა, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ეროვნული თანხმობის მოტივაციით პრეზიდენტის კრიტიკა მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი შეფასებები და მოსაზრებები გამოხატა მიმდინარე მოვლენებსა და მოცემულ სიტუაციაში საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასთან დაკავშირებით.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, პირველ რიგში მას მადლობას ვეუბნები როგორც მოქალაქე და, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსი. მისი სიტყვა იყო ღირსეული, სამართლიანი. როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, პირველივე დღიდან გვახსოვს მისი პოზიცია და მან დაიკავა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის. მისი ყველა, თითოეული სიტყვა მიმართული ხელისუფლების, ასევე მიმართული ოპოზიციის მისამართით, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ეხებოდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ეს რეაქციების მიხედვით დარბაზში მყოფებსაც ეტყობოდათ. პრეზიდენტმა თქვა რეალობა, რომელიც საქართველოში გვაქვს, რომელიც გვაქვს ხელისუფლებაში და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრო დიპლომატიური კორპუსი. მედიასთან კი განცხადება მხოლოდ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასანოვმა გააკეთა.

„უკრაინა მადლობელია ქართველი ხალხის და საქართველოსი მათი სოლიდარობისთვის, მათი მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უკრაინის მტკიცე მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ქართველი ხალხი ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი.

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ახსოვს და არასოდეს დაივიწყებს ქართველების ტკივილს, ქართველ ლტოლვილებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“, – თქვა ანდრეი კასანოვმა

პრეზიდენტის მოხსენების გარდა საქართველოს პარლამენტს სხვა საკითხზე არ უმსჯელია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე, პოლიტიკური კონტურები უკვე გამოიკვეთა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend