კატეგორიები

ისრაელმა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას შეუტია

ისრაელმა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას შეუტია
Copyright AP Photo
ისრაელის შეიარაღებული ძალების სამიზნე კვლავ ირანის ბირთული შეიარაღება გახდა. როგორც ცაჰალში ხსნიან, მათ საჰაერო იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე იმ შტაბებზე, რომლებშიც უკვე დაზიანებული ბირთვული ობიექტებიდან გატანილი შეიარაღება ინახებოდა. საუბარია გასულ წელს ჩატარებული ოპერაციის, „აღმავალი ლომის“, დროს დაზიანებულ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ტერორისტული რეჟიმის განადგურებასა და მისთვის უფრო დიდი ზიანის მიყენებას. რამდენიმე საათის წინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს და გაანადგურეს საიდუმლო ბირთული ცენტრი მინზადეჰეიში. ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შედეგად მათ ბირთვულ შეიარაღება მძიმედ დავაზიანეთ, რეჟიმმა კი იქ არსებული გარკვეული შესაძლებლობები ბუნკერებში გადაიტანა, რათა ხელახალი აეშენებინათ. ჩათვალეს, რომ ჩვენ ვერ შევნიშნავდით. შეცდნენ. ჩვენმა დაზვერვამ ეს დროულად გამოავლინა და მათი კვალი აიღო. ახლა ჩვენი საჰაერო ძალები სწორედ ამ შტაბებს უტევენ თეირანში. ამგვარად ჩვენ ხელს შევუშლით რეჟიმის მხრიდან ბირთული შესაძლებლობების განახლებასა და იარაღის შექმნას“ - აღნიშნა ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა.

ირანის ბირთვულ ობიექტებს ყველაზე დიდი ზიანი ოპერაცია „შუაღამის უროს“ განხორციელების დროს მიადგა, 2025 წლის 22 ივნისს, როდესაც აშშ-მა ნათანზსა და ისპაანში ირანის ბირთვული ობიექტები სერიოზულად დააზიანა. უკვე 2026 წლის თებერვალში კი რეჟიმთან ბირთულ საკითხებზე მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერი სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში გადაიზარდა, რომელიც მეხიუთე დღეა მიმდინარეობს აშშ-ისრაელის ერთობლივი ძალებით. შედეგად რეგიონში შეიქმნა ომის გაფართოების რისკი, რადგან ირანის საპასუხო ნაბიჯებმა არაერთი ქვეყანა მოიცვა ახლო აღმოსავლეთში. ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების თეთრი სახლისეული არგუმენტები თეირანში დამაჯერებლად არ ეჩვენებათ.

„ჩვენ ვუტევთ იმ ადგილებს, საიდანაც ირანის წინააღმდეგ იერიშები ხორციელდება. ეს საერთაშორისო სამართლითაც გამართლებულია, რადგან ჩვენ აგრესიის სამიზნე გავხდით. გვაქვს უფლება და ვალდებულება დავიცვათ თავი. შესაბამისად, ჩვენი თავდაცვითი ნაბიჯები არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ რეგიონში, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს. ვისურვებდით, ამერიკისთვის არ დაერთოთ ნება გამოეყენებინათ მუსლიმური ქვეყნების, ჩვენი მეზობლების მიწები სხვა მუსლიმური ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად - რამადანის ამ წმინდა თვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანი მისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა, კონკრეტულად როგორ? თუ პენტაგონის ანგარიშში წერია, რომ ირანი არ წარმოაგდენს საფრთხეს აშშ-სთვის, რისკებს ვუქმნიდით? აშშ-ის სანაპიროებთან ჯარები განვუთავსეთ? ირანის ბრალია, რომ რეგიონს ასობით აშშ-ის სამხედრო ბაზა არტყია გარს? თეთრი სახლის მისამართით რაკეტა გავუშვით? თუ ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ? ბატონმა ვიტკოფმა აღნიშნა, რომ 4 მოთხოვნა წაუყენეს ირანს, მათ შორის ბირთული და სარაკეტო პროგრამების აღმოფხვრა. ძვირფასო ირანელებო, ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, ირანი იქნებოდა ნაკლებად დაცული ქვეყანა ამ კრიმინალური აქტის წინაშე, ეს იქნებოდა რეგიონიდან ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის დასასრულიც. ეს იქნებოდა ირანის საზღვაო ძალების დასასრული. რა თქმა უნდა, არცერთი ეს მოთხოვნა ჟენევაში არ გაჟღერებულა, ეს მტკნარი სიცრუეა, რათა გაამართლონ საკუთარი იერიშები. ეს ყველაფერი გაივლის და ირანი ამ ისტორიულ ტესტს გამარჯვებით ჩააბარებს. ნუ იქნებით ეჭვებში, ჩვენი ცივილიზაცია, ისტორია, ღმერთი ჩვენ ძლევამოსილებს გაგვხდის. მათ იციან, რომ ეს არ არის ომი ირანის წინააღმდეგ, ეს არის ომი მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ“ - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესმაილ ბაღაემ.

ომის მეოთხე დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა დაშვება, რომ სამხედრო ოპერაცია დაგეგმილ 4-5 კვირზაზე მეტხანს შეიძლება გაგრძელდეს, რისთვისაც ვაშინგტონში მზადყოფნა არსებობს. თუმცა, თეთრ სახლში აზუსტებენ, რომ აშშ აღარ აპირებს ხანგრძლივ ომებში ჩართვას და ქვეყანამ ერაყსა და ავღანეთში მიღებული გაკვეთილები კარგად გაითავისა.

Related news
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ განადგურებულია ირანის სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება