„ჩვენ რეგულარულად გვესმის საუბარი ამ ომის მიზნებზე, თუმცა დღემდე ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნიდა“, — ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
მისი მტკიცებით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ამერიკული დაზვერვა ადასტურებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არც კი უცდია.
სერგეი ლავროვმა თქვა ისიც, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის საჭიროა „ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი განხილვა“ იმის შესახებ, თუ „როგორ ხედავს შეერთებული შტატები სამყაროს, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს ამ სამყაროში და რა როლს ანიჭებს ყველა დანარჩენს“.
„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია კატეგორიულად და გადამწყვეტად მოვითხოვოთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა ყველა მხარისგან. პირველი ნაბიჯი ყველაფრის გაკეთება უნდა იყოს იმისთვის, რომ შეწყდეს ნებისმიერი ქმედება, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოაქვს.
ჩვენ რეგულარულად გვესმის საუბარი ამ ომის მიზნებზე, თუმცა დღემდე ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნიდა — რაც ომის მთავარი, თუ არა ერთადერთი გამართლებაა. როგორც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ისე პროფესიონალი ამერიკელი ჯაშუშები ადასტურებენ, რომ ირანს არ შეუქმნია და არც უცდია ბირთვული იარაღის შექმნა.
ეჭვი არ მეპარება, რომ უკვე დიდი ხანია დაგვიანებულია საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს შეერთებული შტატები მსოფლიოს, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს ამ სამყაროში და რა როლს ანიჭებს სხვებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვული სახელმწიფოებისთვის.
პრეზიდენტი პუტინი ერთხელ ხუთი ბირთვული სახელმწიფოს — გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების — სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ეს ინიციატივა კვლავ აქტუალურია. ასეთი დისკუსია ძალიან საჭიროა. ვიტყოდი, რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. იმედი მაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამას გააცნობიერებს და ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად იქნება“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამავდროულად, კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერების შეშფოთებას, რომელიც მათ ტერიტორიებზე თავდასხმებს უკავშირდება, თეირანს გადასცემს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის ლიდერებს ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი „ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის მცირედით მაინც შემცირებას“.
„პუტინი უდავოდ ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის მცირედით მაინც შემცირებას. გუშინ მან თითქმის ყველა კოლეგასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან ჩვენი დიალოგის გამოყენებით თეირანში ჩვენს კოლეგებს მათ ღრმა შეშფოთებას გადასცემს მათ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო“, — თქვა პესკოვმა.
რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად კი პესკოვმა განაცხადა, რომ „აშკარა მიზეზების გამო“ აბუ-დაბიში შეხვედრაზე საუბარი რთულია.
