კატეგორიები

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის ამოცანების მიღწევას ირანში 4-5 კვირა დასჭირდება, თუმცა პრეზიდენტი „მეტისთვისაც მზადაა“

ტრამპი ამბობს, რომ  აშშ-ის ამოცანების მიღწევას ირანში 4-5 კვირა დასჭირდება, თუმცა პრეზიდენტი „მეტისთვისაც მზადაა“
Copyright AP Photo/Mohsen Ganji
აშშ-ის სამხედრო ოპერაციამ ირანში შესაძლოა დაგეგმილზე დიდხანს გასტანოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები მზად არიან წინასწარ პროგნოზირებულ ოთხ-ხუთ კვირაზე მეტხანს იბრძოლონ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის მიზნები განსაზღვრულია:

  • ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება — როგორც ბალისტიკურ, ისე ბირთვულ კომპონენტში;
  • ირანის საზღვაო შესაძლებლობების განადგურება, გლობალური ზღვაოსნობისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად;
  • ბირთვული პროგრამის შეჩერება;
  • ირანის მიერ ე.წ. „პროქსი“, იგივე სატელიტი ძალების დაფინანსებისა და შეიარაღების ყოველგვარი პერსპექტივის აღმოფხვრა სამომავლოდ.

ამ ყველაფერზე აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო პირებისა და ომის გმირების დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა თეთრ სახლში.

„ეს იყო ჩვენი ბოლო, საუკეთესო შანსი იერიშისთვის, რომელსაც ამ წუთებში ვახორციელებთ, რათა გავანეიტრალოთ აუტანელი საფრთხე ავადმყოფი და მავნე რეჟიმის მხრიდან. ჩვენი მიზანი იყო ირანის სარაკეტო და საზღვაო შესაძლებლობების განადგურება, იმაში დარწმუნება, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება, რაც თავიდანვე ვთქვით, და ბოლოს — უზრუნველვყოთ ის, რომ ირანის რეჟიმმა ვეღარ გააგრძელოს ტერორისტული ფორმირებების შეიარაღება, დაფინანსება და მართვა მის საზღვრებს მიღმა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ რეჟიმს უკვე ჰქონდა იმგვარი რაკეტები, რომლებიც ევროპასა და ჩვენს ბაზებამდე აღწევდა და სულ მალე შეძლებდა ისეთი რაკეტების შექმნას, რომლებიც ჩვენს მშვენიერ ამერიკამდეც მოაღწევდა. მათი მზარდი სარაკეტო პროგრამის მიზანი იყო ბირთვული იარაღის განვითარების შენიღბვა და იმის მაქსიმალურად გაძნელება, რომ ვინმეს ეს შეეჩერებინა.

ჩვენ უკვე ხელშესახებად ვუსწრებთ ჩვენსავე გათვლებს, თუმცა რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ოპერაციას — ყოველთვის მზად ვართ. დასაწყისიდანვე ოპერაცია 4-დან 5 კვირამდე იყო გათვლილი, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, ის გაცილებით მეტი დროის განმავლობაში გავაგრძელოთ“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში ოპერაციის დეტალების გამხელას ერიდებიან და აღნიშნავენ, რომ ამგვარი პრაქტიკა არასდროს ყოფილა სწორი. თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა, ჟურნალისტების კითხვებზე აღნიშნა, რომ დეტალებში შესვლას არ გეგმავს. იგივე განაცხადა სახელმწიფო მდივანმაც, თუმცა გარკვეული კონტრასტით.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი დარტყმები ირანზე ჯერ კიდევ წინ არის და შტატები ხანგრძლივი ოპერაციისთვის მზადაა. ოპერაციის შესახებ დასმულ კითხვაზე — „რატომ ახლა?“ — მან უპასუხა, რომ აშშ ვერ დაელოდებოდა ირანის დარტყმებს და გონივრულად იმოქმედა.

რუბიო საზოგადოებას ახსენებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ირანს შესუსტებულ მდგომარეობაშიც კი. რეჟიმის ხელმძღვანელობას მან რადიკალი კლერიკები უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებდნენ პასუხისმგებლობით. აგრეთვე კიდევ ერთხელ გააჟღერა აშშ-ის სურვილი, რომ ირანში ხელისუფლება შეიცვალოს.

„მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის შესახებ დეტალები გავამხილო, მაგრამ ამერიკელ სამხედროებს ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ განსახორციელებელი აქვთ. შემდეგი ფაზა იქნება კიდევ უფრო მკაცრი და სადამსჯელო ირანისთვის, ვიდრე ეს ახლაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და მათ განხორციელებას დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად.

მსოფლიო იქნება უფრო უსაფრთხო ადგილი, როდესაც ამ ოპერაციას მოვრჩებით. ჩვენ გვსურს დასახული მიზნების მიღწევა ადგილზე სახმელეთო ძალების გარეშე, თუმცა პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, ყოველთვის აქვს ვარიანტები მაგიდაზე — ის არასდროს არაფერს გამორიცხავს.

ამ ოპერაციის მიზანია მათი ბირთვული თუ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პოტენციალის განადგურება და იმაში დარწმუნება, რომ მათ აღდგენას ვერ შეძლებენ. ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხი შეძლებს მთავრობის შეცვლას და ახალი მომავლის ჩამოყალიბებას საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ამას მივესალმებოდით“, — ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

„იმის დეტალებში, თუ რას გავაკეთებთ და რას არა, არ შევალთ. ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა უთხრას მტრებს, რას გააკეთებს — ეს სისულელეა. აშშ-ის პრეზიდენტს სურს მტრები დაარწმუნოს, რომ იმდენად შორს წავა, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა აშშ-ის ინტერესი დაწინაურდეს. რატომ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, თქვენ ან ვინმეს, რას გავაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად? ჩვენ ვიბრძვით, რომ გავიმარჯვოთ, განსაზღვრულ მიზნებს მივაღწიოთ და ამას ბოდიშის მოხდის გარეშე გავაკეთებთ“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა.

ყველაფერთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ აშშ არ გეგმავს ახალ მრავალმხრივ ომში ჩაბმას, რომელიც კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. დონალდ ტრამპი არ მისცემს ქვეყანას უფლებას ჩაერთოს მრავალწლიან ომში — „არ გვსურს ჩავებათ პრობლემებში, რომლებიც ერაყთან ან ავღანეთთან გვქონდა“, — აღნიშნა მან Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ერთადერთი მიზანი რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ ირანს აღარასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა, რადგან, მისიავე განცხადებით, ირანში ბირთვული ობიექტები აშენებულია არა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის, არამედ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობითაც, რის წინააღმდეგაც აშშ არაერთხელ გამოვიდა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა ირანის ხელისუფლებაში რადიკალურად განსხვავებული აზროვნების საჭიროებაზე.

დაკავშირებული ამბები
ირანის სახელმწიფო მედია: სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა 2 აპრილს ისრაელ-აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანზე იერიში მიიტანა