კატეგორიები

თეირანმა საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს დაარტყა, ვაშინგტონმა 11 ირანული გემი გაანადგურა

თეირანმა საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს დაარტყა, ვაშინგტონმა 11 ირანული გემი გაანადგურა
ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო იერიშების ინტენსივობა ყოველდღიურად იზრდება სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კოდური სახელწოდებით „ეპიკური მრისხანება“, რომლის მთავარი სამიზნეები, ვაშინგტონის თანახმად, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტებია.

ისრაელთან კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, ამერიკული მხარე აცხადებს ირანის სახელმწიფო მედიის შენობაზე განხორციელებული წარმატებული დარტყმების შესახებაც.

ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული კადრებისა და თანდართული ინფორმაციის თანახმად, მათ წარმატებით შეძლეს ომანის ყურეში განლაგებული 11 ირანული გემის განადგურება და მათი რაოდენობის ნულამდე დაყვანა, თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ოპერაციის პირველ დღეებს უდანაკარგოდ არ ჩაუვლია ამერიკელთა მხრიდანაც, რასაც შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ვარაუდობდა. ცენტრალური სარდლობის თანახმად, დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

„ისინი არიან გმირები, რომლებიც ჩვენს ერს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. ისინი არიან თავდადებული მსახურების ჭეშმარიტი მაგალითი. გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ მათი ოჯახების, მეგობრებისა და ასევე ჩვენი დანაყოფების მიმართ. თქვენთან ერთად ვგლოვობთ და არასდროს დაგივიწყებთ.

გარდა ამისა, დღეს აქ, თქვენ წინაშე ვდგავარ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი გაერთიანებული ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურის, გეგმისა თუ ლოჯისტიკის ოპერატორის, ომის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურის თანაგუნდელებისა და უწყებათაშორისი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან საფრთხეში.

ვამაყობ თითოეული თქვენგანით, რადგან ასე იბრძვით მტერთან“, — განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა.

ინტენსიურ იერიშებს არ წყვეტს თეირანიც, რომლის სამიზნეებად ახლო აღმოსავლეთის 10-მდე სახელმწიფო იქცა.

„შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ირანმა საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს დაარტყა. დაშავებულები არ არიან.

კონფლიქტის ზონაში ეს, ქუვეითის შემდეგ, ვაშინგტონის მეორე დიპლომატიური წარმომადგენლობაა, რომელიც თეირანის იერიშების სამიზნე გახდა.

ამერიკული მხარე მოწინააღმდეგეს მკაცრ პასუხს ჰპირდება, მათ შორის ქუვეითში დაღუპულ სამხედროებთან დაკავშირებითაც.

ვითარება მწვავდება კატარშიც, სადაც ირანული იერიშების მოგერიების შესახებ იუწყებიან. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თეირანის მიერ გაშვებული 101 ბალისტიკური რაკეტიდან 98-ის, ასევე ორი საფრონტო ბომბდამშენის განადგურება შეძლეს.

ირანული მხარე არ წყვეტს შეტევებს სხვა სახელმწიფოებზეც — იორდანიაზე, ერაყზე, ბაჰრეინზე, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. თეირანი აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში იერიშები მიაქვს მხოლოდ ამერიკულ ბაზებზე და არ არღვევს მათ სუვერენიტეტსა თუ ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ბაზები ვაშინგტონის საკუთრებაა.

თავად ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ — ისინი სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული იერიშების შესახებაც იუწყებიან.

პარალელურად, ისრაელი, ფაქტობრივად, არ წყვეტს საჰაერო დარტყმებს ბეირუთზე, სადაც თელ-ავივი აცხადებს, რომ სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ პოზიციებია. ლიბანის დედაქალაქში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დიდ ნაწილში, მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ლიბანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უსაფრთხო ადგილის ძებნის მიზნით მშობლიური ადგილების დატოვება დაიწყო. რა მიმართულებით — ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია.

გაეროში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი მოქმედებების შედეგია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი დაუსჯელობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.

„უკიდურესად სამარცხვინო და თვალთმაქცურია, რომ უშიშროების საბჭოში თავისი თავმჯდომარეობის პირველივე დღეს შეერთებულმა შტატებმა მოიწვიეს მაღალი დონის შეხვედრა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბავშვების, ტექნოლოგიებისა და განათლების დაცვის შესახებ, დღის წესრიგის პუნქტის ფარგლებში, სახელწოდებით „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“. ამავდროულად კი ირანის ქალაქებს რაკეტებს ესროდნენ, სკოლებს ბომბავდნენ და ბავშვებს კლავდნენ.

შეერთებული შტატებისთვის ბავშვების დაცვა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება აშკარად ძალიან განსხვავებულ რამეს ნიშნავს, ვიდრე ეს გაეროს წესდებით არის გათვალისწინებული. სიტყვები მშვიდობასა და დაცვაზე არ შეიძლება მოიცავდეს აგრესიულ ქმედებებს.

ირანი არ მიისწრაფვის ომისა და ესკალაციისკენ, მაგრამ არ იტყვის უარს საკუთარ სუვერენიტეტზე. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული საკითხი ნათელი და მკაფიოა.

შეუძლია თუ არა ძლიერ სახელმწიფოს შეუტიოს გაეროს სუვერენულ წევრ სახელმწიფოს და დაუსჯელი დარჩეს? თუ პასუხია „დიახ“, მაშინ წესდებას აზრი არ აქვს. თუ პასუხია „არა“, მაშინ ეს აგრესია უნდა იყოს დაგმობილი და შეჩერებული“, — განაცხადა გაეროში ირანის ელჩმა, ამირ საეიდ ირავანმა.

თეირანის ბრალდებებს უპასუხა გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.

მისი თქმით, თელ-ავივი და ვაშინგტონი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უმიზნებენ, მშვიდობიან მოსახლეობას არაფერს ერჩიან და ებრძვიან დიქტატორულ რეჟიმსა და მის მიერ წახალისებულ მარიონეტულ დაჯგუფებებს.

„ჩვენი სამიზნეები მკაფიოა — არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. მიზანია, გავანადგუროთ მათი სამხედრო ფლოტი და მიწასთან გავასწოროთ მარიონეტული რეჟიმის ქსელი.

ჩვენ ვახორციელებთ გადამწყვეტ, წერტილოვან დარტყმებს ყოველგვარი ბოდიშის გარეშე. მაშინ, როცა ჩვენ სამხედრო ობიექტებსა და ტერორის მექანიზმებს ვუმიზნებთ, ირანული რეჟიმი იერიშებს მშვიდობიან მოქალაქეებზე — ოჯახებზე, აეროპორტებზე, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებზე — ახორციელებს.

ბეით-შემეშში, იერუსალიმთან ახლოს მდებარე ქალაქში, ოთხი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. მოკლულია ცხრა უდანაშაულო ადამიანი.

მსხვერპლის მიუხედავად, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. არ გავჩერდებით, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. შეხედეთ, რას აკეთებენ ისინი ახლა, როცა ბირთვული იარაღი არ აქვთ — ისინი მთელ რეგიონს უქმნიან საფრთხეს.

სასოწარკვეთით ისვრიან ბალისტიკურ რაკეტებს. რეჟიმი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილია და უმისამართო დარტყმებს ახორციელებს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იმავე რეჟიმს აქვს ბირთვული პოტენციალი. ეს არის რისკი, რომელსაც ჩვენ არ მოვითმენთ და არ დავუშვებთ.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი ერთობლივი ოპერაცია... ველოდით, რომ ზაფხულში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისინი გადახედავდნენ თავიანთ ქმედებებს, თუმცა ასე არ მოხდა — პირიქით, სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩვენ ვიხილეთ მათი გადაწყვეტილება, გაეგრძელებინათ ტყუილი და თავიანთი ბირთვული ამბიციები“, — განაცხადა დანი დანონმა.

სკოლაზე მიტანილი იერიშების შესახებ დასმულ კითხვაზე მან აღნიშნა:

„სხვადასხვა ინფორმაცია მაქვს. ზოგიერთი ცნობით, ეს სინამდვილეში იყო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიზნობრივი თავდასხმა სკოლაზე.

ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ ვწუხვართ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგვის გამო.

ვლოცულობთ ირანელი ხალხისთვის. ჩვენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებთ. ირანული მხარე ამის საპირისპიროს აკეთებს.“

კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სასწრაფო დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ მოუწოდებს გაერო, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო არსებულ ვითარებაში მკაცრად აკრიტიკებს და „უმოქმედო“ ორგანიზაციას უწოდებს.

დაკავშირებული ამბები
პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა