კატეგორიები

სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება

სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება
Copyright AP Photo
სამხრეთ ლიბანში აფეთქებების ხმა ისმის. ბეირუთში მცხოვრებნი ომის გაფართოების საფრთხეზე საუბრობენ.

ისრაელმა 2 მარტს სამხრეთ ლიბანში სამხედრო ძალები შეიყვანა და 80-ზე მეტი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაფრთხილება მოჰყვა  ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ განცხადებას, რომ ის ისრაელთან „ღია ომისთვის“ მზად არის.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის პალესტინელი მებრძოლი და ,,ჰეზბოლას“ სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. დაშავდა 246 ადამიანი, ხოლო ათიათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

„სამხრეთიდან სამი დღის წინ წამოვედით. დავდივართ მანქანით. არ ვიცით, სად უნდა დავრჩეთ, ამის ფინანსური შესაძლებლობაც არ გვაქვს. სახლი აღარ გვაქვს, აღარაფერი აღარ დაგვრჩა, საერთოდ არაფერი. ჩვენი სახლები დავტოვეთ და ახლა უბრალოდ დავდივართ“ - ამბობს კამელ შამი დევნილი სამხრეთ ლიბანიდან.

ბეირუთის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი ადამიანები ამბობენ,  რომ შენობის მეორე სართულზე  იერიში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიიტანეს.

„გვეძინა, როცა რაკეტა დაეცა. რა შეიძლება საერთოდ ვთქვა… ეს თითქოს უკვე  ჩვეულებრივი მოვლენაა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც რაკეტა ნებისმიერ მომენტში შეიძლება თავზე დაგეცეს. სულ ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა” - ამბობს მეგი შიბლი სასტუმრო ,,კომფორტის” მფლობელი.

სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, ათიათასობით ადამიანი კი იძულებულია, საკუთარი სახლები დატოვოს.

რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი გამწვავდა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დაპირისპირება ფართომასშტაბიან რეგიონულ ომში გადაიზარდოს, რაც ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

Related news
სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო