კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება
Copyright AP Photo/Bilal Hussein
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ისრაელი აგრძელებს დარტყმებს როგორც ირანის ტერიტორიაზე, ისე ლიბანში. ირანსა და მის მოკავშირეებს საპასუხო იერიში  მიაქვთ ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით. თავდასხმებია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, დიპლომატიურ ობიექტებსა და სამოქალაქო ქალაქებზე.

ლიბანში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა სამხრეთის საპორტო ქალაქ სიდონზე.  ისრაელის სამხედროებმა თავდაპირველად არ დაასახელეს სამიზნე, თუმცა განაცხადეს, რომ ოპერაცია „ჰეზბოლას“ მებრძოლებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ცოტა ხანში ისრაელის არმიის სპიკერმა ავიჩაი ადრაემ ქალაქის ერთ-ერთი უბნის - ჰარეთ საიდის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ,,ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმა იგეგმებოდა. ბოლო დღეებში ისრაელის ავიაიერიშები ძირითადად სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზეა მიმართული. სიდონი ლიბანის მესამე უდიდესი ქალაქია და ბეირუთიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.

ამავე დროს შეტევები გაგრძელდა ირანის ტერიტორიაზეც. თეირანში გასული 24 საათის განმავლობაში   რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, როდესაც ისრაელისა და შეერთებული შტატების ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.

ირანი საპასუხოდ აგრძელებს სარაკეტო და დრონებით შეტევებს როგორც ისრაელის მიმართულებით, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ და დასავლურ სამხედრო ბაზებზე.  ირანული დრონის ნამსხვრევების შედეგად ხანძარი  გაჩნდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში მდებარე ნავთობის ინდუსტრიულ ზონაში. ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს და ობიექტის მუშაობა მალევე აღდგა.

დრონის კიდევ ერთმა შეტევამ ხანძარი გააჩინა დუბაიშიც, აშშ-ის საკონსულოს მიმდებარე ავტოსადგომზე.

ამ ფონზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში: ქუვეითში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარში, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  დიპლომატიური პერსონალის ნაწილის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რეგიონი დროულად დატოვონ. თუმცა, საჰაერო სივრცის ნაწილობრივი დახურვის გამო ბევრი ადამიანი კვლავ აეროპორტებშია ჩარჩენილი.

ისრაელში განგაშის სირენები კვლავ ისმის. ირანის სარაკეტო შეტევების დროს მოსახლეობა თავშესაფრებში ჩადის. ცენტრალურ ისრაელში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა შენობა და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ოთხდღიანი ომის განმავლობაში უკვე ასობით ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ირანში. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია,  რადგან ქვეყანაში ინტერნეტი ნაწილობრივ გათიშულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო კამპანია შესაძლოა ოთხიდან ხუთ კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს. მისი თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანია ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება, მისი სამხედრო-საზღვაო ძალების შესუსტება, ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილება და ირანის მიერ რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეჩერება.

Related news
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება IAEA ირანის ნატანზის ბირთვულ ობიექტზე „გარკვეულ დაზიანებას” ადასტურებს