კატეგორიები

„ამერიკა შურს იძიებს”- დონალდ ტრამპი ამერიკელი სამხედროების სიცოცხლისთვის ირანს შურისძიებას ჰპირდება

„ამერიკა შურს იძიებს”- დონალდ ტრამპი ამერიკელი სამხედროების სიცოცხლისთვის ირანს შურისძიებას ჰპირდება
Copyright AP
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ სამხედროების სიცოცხლისთვის, რომლებიც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას დაიღუპნენ, ამერიკა შურს იძიებს.

მან ამის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტმა სამ დაღუპულ სამხედროს „ნამდვილი ამერიკელი პატრიოტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ „სამართლიანი ბრძოლა, რომელსაც მათ სიცოცხლე შესწირეს“, დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

მანვე თქვა, რომ მსხვერპლი, სავარაუდოდ, კიდევ იქნება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები „უმკაცრეს დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს“, რომლებმაც, მისივე სიტყვებით, „ფაქტობრივად, ცივილიზაციას გამოუცხადეს ომი“.

„ბოლო 36 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დაიწყეს — ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე რთული და ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეტევა მსოფლიოს ისტორიაში. მსგავსი რამ არავის უნახავს. ჩვენ დავარტყით ასობით სამიზნეს ირანში, მათ შორის რევოლუციური გვარდიის ობიექტებსა და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. სულ ახლახან გამოცხადდა, რომ გავანადგურეთ ცხრა გემი და მათი საზღვაო ინფრასტრუქტურა — ეს ყველაფერი ფაქტობრივად რამდენიმე წუთში.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი, მკვდარია. ეს საძაგელი და ბოროტი ადამიანი ასობით, ათასობით ამერიკელის სისხლსა და ასევე მრავალი ქვეყნის მასშტაბით ათასობით უდანაშაულო ადამიანის დახოცვაზე იყო პასუხისმგებელი. გუშინ ღამით, მისი სიკვდილის გამოცხადების შემდეგ, ირანის მასშტაბით ქუჩებში ხალხის სიხარულისა და ზეიმის ხმა ისმოდა.

მთელი სამხედრო სარდლობა განადგურებულია და ბევრი მათგანი გადარჩენისთვის დანებებას ცდილობს. ისინი იმუნიტეტს ითხოვენ — ათასობით ზარია შემოსული. საბრძოლო ოპერაციები ამ ეტაპზე სრული მასშტაბით მიმდინარეობს და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება. ჩვენ ძალიან მკაფიო და მტკიცე მიზნები გვაქვს. მათ შეეძლოთ ორი კვირის წინ რაიმე გაეკეთებინათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ბრძოლის ველზე დაიღუპა. მთელი ერი ვგლოვობთ ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღეს. სამართლიანი მისიის გაგრძელების პარალელურად, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს, დაჭრილების სრული გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობთ და უდიდეს სიყვარულსა და მარადიულ მადლიერებას ვუგზავნით დაღუპულთა ოჯახებს.

სამწუხაროდ, სანამ ყველაფერი დასრულდება, მსხვერპლი, სავარაუდოდ, კიდევ იქნება. ასეა. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. ამერიკა მათი სიცოცხლისთვის შურს იძიებს და უმკაცრეს დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს, რომლებმაც ფაქტობრივად ცივილიზაციას გამოუცხადეს ომი“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვა გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დარტყმები თეირანზე „მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება“.

მანვე ხაზი გაუსვა ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას და თქვა, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელია იმის გაკეთება, რაც ათწლეულების განმავლობაში სურდა — „ტერორისტული რეჟიმისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება“.

„ჩვენს ძალებს ახლა თეირანის გულში დარტყმები მზარდი ინტენსივობით მიაქვთ. ეს მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება.

მტკივნეული დღეებია. გუშინ აქ, თელ-ავივში, და ახლა ბეით შემეშში, ძვირფასი ადამიანები დავკარგეთ. ჩემი გული მათ ოჯახებთანაა. და ყველა თქვენგანის, ისრაელის მოქალაქეების სახელით, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ კამპანიაში ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატების — ჩემი მეგობრის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ამერიკის სამხედრო ძალების — მხარდაჭერაა. ძალების ეს ერთიანობა გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში მსურდა — გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ ტერორისტულ რეჟიმს“, — განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ეს განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამიზნეს — მათ შორის ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს — ინტენსიურად უტევდნენ და სამხედრო გემებს ანადგურებდნენ.

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, დარტყმებს 200 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი რანგის ლიდერები.

ირანმა კონტრშეტევის ფარგლებში რაკეტები გაუშვა ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების თანახმად, სწორედ ამ იერიშების შედეგად დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო.

Related news
„ამერიკა შურს იძიებს”- დონალდ ტრამპი ამერიკელი სამხედროების სიცოცხლისთვის ირანს შურისძიებას ჰპირდება მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში