კატეგორიები

მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა

მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა
Copyright AP Photo
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, უხელმძღვანელა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც კონფლიქტურ რეგიონებში მყოფი ბავშვების მდგომარეობას განიხილავდნენ. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას აშშ-ის პირველი ლედი ხელმძღვანელობდა.

მელანია ტრამპი 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი გახდა. ამიერიდან იგი მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეც იქნება პასუხისმგებელი.

მელანია ტრამპს სხდომის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც მარტში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა შეერთებულმა შტატებმა გადაიბარა.

დღეს მსოფლიოში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიარაღებული კონფლიქტების ყველაზე მაღალი რაოდენობაა. ამ კონფლიქტებში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია. რეალობა ნათელია — როდესაც კონფლიქტი იწყება, ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ბოლო ორი დღის მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში სკოლები დაიხურა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გადავიდა რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო. ირანიდანაც ვრცელდება ცნობები, რომლის მიხედვითაც, ქალაქ მინაბში დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ათობით ბავშვი დაიღუპა. შეერთებული შტატების ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებს.

ბავშვები, რომლებიც ინტელექტსა და ცოდნაზე დაფუძნებულ კულტურაში იზრდებიან, უფრო თვითდაჯერებულები არიან, ქმნიან ინოვაციებს, აშენებენ, ეჯიბრებიან და ინარჩუნებენ ღირებულებათა მყარ სისტემას. ცოდნა მათში აძლიერებს ემპათიას სხვების მიმართ — გეოგრაფიის, რელიგიის, რასის, სქესისა და ადგილობრივი ნორმების მიღმაც კი. ისინი მზრუნველ და პასუხისმგებელ ადამიანებად ყალიბდებიან. ხოლო ბავშვები, რომლებიც ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც განათლებას ყურადღება არ ექცევა, ხშირად ქაოსისა და ზოგჯერ კონფლიქტის რეალობაში აღმოჩნდებიან.

როდესაც ქვეყანა ზღუდავს აზროვნებას, ის საკუთარ მომავალსაც ზღუდავს. განათლება საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება. მიუხედავად ამისა, დღესაც მრავალ ბავშვსა და ახალგაზრდას არ აქვს წვდომა საშუალო და უმაღლეს განათლებაზე. ეს ფასი აბსტრაქტული არ არის — ის რეალურია.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვეზიარებით იმ ცოდნას, რომლის მიღებაც ადრე მხოლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში იყო შესაძლებელი. ის ქმნის ახალ რეალობას ჩვენი ბავშვებისთვის, რადგან ინფორმაციის მიღების ტრადიციული აკადემიური გზა უფრო ფართოდ ვრცელდება. დღეს თითქმის ყველას შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ხელის გულზე არსებული მოწყობილობით უამრავ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა. მოდი, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, მათ შორის ყველაზე შორეულ და იზოლირებულ რეგიონებშიც“, — განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

როზმარი დი კარლომ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, აღნიშნა, რომ კონფლიქტების დროს ბავშვები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს განეკუთვნებიან. ბოლო მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გაეროს საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე მოვლენები ყველაზე მძიმედ სწორედ სამოქალაქო მოსახლეობასა და ბავშვებზე აისახება.

დაკავშირებული ამბები
მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის