პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშებმა ირანის სამხედრო ძალების უმეტესი ნაწილი „გაანადგურა“ და უარყოფს, თითქოს ვაშინგტონი ომში თელ-ავივმა ჩაითრია.
„მათ აღარ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, აღარ ჰყავთ საჰაერო ძალები, აღარ აქვთ ამომცნობი სისტემა — ეს ყველაფერი განადგურებულია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას მედიის კითხვებზე პასუხისას.
მანვე თქვა, რომ დარწმუნებული იყო, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებდა, შეტევაზე პირველი თეირანი გადავიდოდა. ხოლო კითხვას იმის შესახებ, აიძულა თუ არა ვაშინგტონი ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში ომი დაეწყო, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:
„არა, შესაძლოა მე ვაიძულე ისინი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ამ შეშლილებთან, და ჩემი აზრით, ისინი პირველები აპირებდნენ თავდასხმას. აპირებდნენ, დაერტყათ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს, ისინი პირველები დაგვარტყამდნენ. მე ამაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მომლაპარაკებლები — ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან წარმატებით აკეთებენ და მთელი ცხოვრება ამით იყვნენ დაკავებულები. იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკება, ვფიქრობდი, რომ ისინი პირველები გადმოვიდოდნენ შეტევაზე. მე არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. ასე რომ, თუ ვინმემ ეს გააკეთა, შესაძლოა, მე ვაიძულე ისრაელი, ემოქმედა. მაგრამ ისრაელი მზად იყო. მზად ვიყავით ჩვენც. ჩვენ ძალიან, ძალიან ძლიერი ზემოქმედება მოვახდინეთ, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, ახლა განადგურებულია. მათი სარაკეტო მარაგი სწრაფად მცირდება. რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, ისინი ურტყამენ ქვეყნებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, ნეიტრალურები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, ისინი გაოცებულებიც კი იყვნენ. მეც გაოცებული ვიყავი. და ახლა ყველა ქვეყანა მათ წინააღმდეგ იბრძვის, თანაც ძლიერად. ერთ დღეს დაწერენ ისტორიას და იტყვიან, რატომ გააკეთეს ეს. მაგრამ მათ დაარტყეს ქვეყნებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი ჰქონდათ საერთო მიმდინარე მოვლენებთან. ისინი უბრალოდ გვერდზე იდგნენ. მოულოდნელად მათ რაკეტები ესროლეს. ეს კი გვაჩვენებს, რა დონის ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ისინი ურტყამენ მათდამი, სულ მცირე, გარკვეულწილად კეთილგანწყობილ ხალხს, და ეს მათთვის პრობლემა საერთოდ არ არის. ურტყამენ მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს — სასტუმროებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. ჩვენ კი ვურტყამთ იქ, სადაც მართებულია. და ვურტყამთ ძალიან ძლიერად. ახლა მასშტაბური დარტყმები მიმდინარეობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს ისიც, თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომლისთვისაც ვაშინგტონი ემზადება:
„არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა ყველაზე ცუდი სცენარი. სამხედრო თვალსაზრისით ისინი ფაქტობრივად დამარცხებულები არიან. ჯერ კიდევ ისვრიან რაკეტებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ამასაც ვეღარ შეძლებენ, რადგან ჩვენ მათ გამშვებ სისტემებსა და სარაკეტო მარაგს ვანადგურებთ. ბოლო წლებში მათ დიდი რაოდენობით რაკეტები დააგროვეს. ბევრი ჰქონდათ, ბევრი ისროლეს. და ბევრს ვანადგურებთ. ალბათ, ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, თუ ამას გავაკეთებთ, შემდეგ კი მოვა ვიღაც, ვინც ისეთივე ცუდი აღმოჩნდება, როგორც წინა ლიდერი იყო, არა? ეს შესაძლოა მოხდეს. ჩვენ ეს არ გვინდა. ეს ალბათ ყველაზე ცუდი იქნებოდა. ამ ყველაფერს გაივლი და ხუთ წელიწადში აღმოაჩენ, რომ ისეთივე, ან უარესი ვინმე მოიყვანე. გვინდა ისეთი ვიღაც, ვინც ქვეყანას ხალხს დაუბრუნებს და ვნახოთ, რას გააკეთებს ხალხი. მათ შანსი აქვთ. ჩვენ ვუთხარით — ჯერ ნუ გააკეთებთ ამას. თუ აპირებთ გამოსვლას და პროტესტს, ეს არ გააკეთოთ, ჯერ ადრეა“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს ირანის მომავალთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა თქვა, რომ ისინი, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერების პოზიციაზე განიხილავდა, უკვე ცოცხლები აღარ არიან:
„მათი უმრავლესობა, ვისაც განვიხილავდით, უკვე მკვდარია. ჩვენ რამდენიმეზე ვფიქრობდით იმ ჯგუფიდან, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ახლა სხვა ჯგუფია. არსებული ცნობების მიხედვით, შესაძლოა, ისინიც აღარ იყვნენ ცოცხლები. ასე რომ, მგონი, უკვე მესამე ტალღა მოდის. მალე შეიძლება აღარავინ ვიცოდეთ. მაგრამ, იცით, ვენესუელა წარმოუდგენელი შემთხვევა იყო, რადგან დარტყმა განვახორციელეთ და ხელისუფლება მთლიანად შევინარჩუნეთ. გვყავს დელსი როდრიგესი. ის ძალიან კარგია. გვაქვს მართვის მთელი ჯაჭვი. და ურთიერთობა შესანიშნავად მიდის“, - თქვა ტრამპმა.
მან უპასუხა კითხვას იმის შესახებაც, განიხილება თუ არა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის, პრინცი რეზა ფეჰლევის კანდიდატურა:
„ალბათ კი. ზოგიერთს ის მოსწონს. ჩვენ ამაზე დიდად არ გვიფიქრია. ჩემი აზრით, უფრო შესაფერისი, შესაძლოა, შიგნიდან იყოს ვინმე — ვინც იქ არის და ამჟამად პოპულარულია, თუკი ასეთი ადამიანი არსებობს. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანს. მაგრამ ალბათ უფრო შეაფერისი იქნებოდა ვინმე, ვინც უკვე ქვეყანაშია და გარკვეული მხარდაჭერა აქვს. გვყავს ისეთი ადამიანებიც — უფრო ზომიერები, რადგან ესენი რადიკალი შეშლილები იყვნენ“, - განაცხადა მან პასუხად.
„ესპანეთი საშინლად მოიქცა,“ - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და სამხედრო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო მადრიდს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა. „თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ეს არ გავაკეთოთ“, - თქვა ტრამპმა, თუმცა დაამატა, რომ ამის საჭიროება არც არსებობს.
მან უკმაყოფილება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის მიმართაც:
„ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერზე, რომელმაც თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მიერ ბრიტანეთის ბაზების გამოყენებაზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა.
„სკოტს ბესენტს ვუთხარი, რომ ესპანეთთან ყველა ურთიერთობა გაეწყვიტა. ესპანეთთან პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ჩემი მოთხოვნით ყველა ევროპული ქვეყანა NATO-ში მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის გადახდას დათანხმდა, რაც ასეც უნდა იყოს. ამას ყველა ენთუზიაზმით შეხვდა — გერმანია, ყველა. ესპანეთის გარდა. ახლა ესპანეთმა თქვა, რომ მათი ბაზების გამოყენება არ შეგვიძლია. ეს პრობლემა არ არის. ჩვენ არც გვინდა მათი გამოყენება — თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ეს არ გავაკეთოთ. არც გვჭირდება, მაგრამ ისინი მეგობრულად არ მოიქცნენ. ამიტომ ვუთხარი, რომ აღარ გვინდა — ესპანეთს აბსოლუტურად არაფერი აქვს ისეთი, რაც გვჭირდება, გარდა შესანიშნავი ხალხისა. ხალხი დიდებულია, მაგრამ ლიდერები არა. როგორც იცით, NATO-ში ისინი ერთადერთი ქვეყანა იყვნენ, ვინც ხარჯების 5%-მდე გაზრდას არ დაეთანხმა. მგონი, არც არაფერზე დათანხმდებოდნენ. უნდოდათ 2%-ზე დარჩენა და იმ 2%-საც არ იხდიან. ამიტომ ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ. არ გვინდა მათთან რაიმე კავშირი“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რეჟიმის მოშორების საქმეში გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მხარს უჭერს:
„ამ საშინელი, ტერორისტული რეჟიმის მოშორებაში შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მხარს ვუჭერთ. ველით იმ დღეს, რომელიც შემდეგ დადგება. საჭიროა იმის სტრატეგიული განხილვა, თუ რა მოჰყვება ამ რეჟიმის დასრულებას. საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი ინტერესი საერთო მიდგომასა და ერთობლივ მოქმედებაში — დიდი ინტერესი იმათთან დაკავშირებით, თუ რას შევძლებთ ერთად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა თქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ მისი აზრით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, მიმართ კრიტიკა გამართლებულია:
„მაგრამ ეს დახურულ კარს მიღმა ვთქვი, რადგან არ მინდოდა ამ უთანხმოების ღიად განხილვა“, - განაცხადა მერცმა.
