კატეგორიები

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა და პირობა დადო, რომ უკან არ დაიხევს, თუ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე დაემუქრება. მან ამის შესახებ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავების ბაზაზე ყოფნის დროს განაცხადა.

სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, საფრანგეთს, სავარაუდოდ, 290 ბირთვული ქობინი აქვს.

მაკრონმა ისტორიული მნიშვნელობის ეს სიტყვები იმ დროს წარმოთქვა, როდესაც ევროპის უსაფრთხოება გამოცდის წინაშეა მრავალ ფრონტზე, იგულისხმება როგორც უკრაინის, ისე  ირანის გაფართოებული ომები.

„ჩვენ სრული სერიოზულობით ვეკიდებით საქმეს. მე აქ ვარ, რათა ერს განვუცხადო იმ განვითარების შესახებ, რომელიც პასუხობს ჩვენს ეროვნულ და ევროპულ გამოწვევებს. უამრავი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი შეკავების სტრატეგია ევროპის კონტინენტზე, ისე, რომ ჩვენს სუვერენიტეტს ვცეთ პატივი. ეს სტრატეგია, რომელსაც მე მოწინავე შეკავებას დავარქმევდი, თანდათან უნდა განვახორციელოთ. მე გავეცი ბრძანება ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდის შესახებ. უნდა დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაცია. ამიტომ ჩვენ აღარ გავავრცელებთ ჩვენი ბირთვული არსენალის მონაცემებს, ჩვენ ასე მოვიქცევით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ხდებოდა ეს წარსულში“.” - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის მიუხედავად,  მიმართვა წინასწარ იყო დაგეგმილი და გეგმის მიხედვით წარიმართა.

45-წუთიანი გამოსვლის დროს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა მოწინავე ბირთვული შეკავების სტრატეგიის პროგრესულ განხორციელებაზეც ისაუბრა.

„მოწინავე შეკავება პროგრესული მიდგომაა. უპირველეს ყოვლისა, ის ჩვენს პარტნიორებს სთავაზობს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს შეკავების წვრთნებში. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას, მათ შორის ჩვენი საზღვრების მიღმა, ასევე შესაძლოა გულისხმობდეს ჩვენი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ჩვენს ბირთვულ აქტივობებში. და ბოლოს, ეს შეიძლება საშუალებას იძლეოდეს ჩვენი სტრატეგიული ძალების ელემენტების განლაგებას მოკავშირეთა ტერიტორიებზე“. - აცხადებს, ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ქვეყნებს შორისაა გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, შვედეთი და დანია.

მაკრონის გამოსვლის შემდეგ მალევე პარიზმა და ბერლინმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის ბირთვული სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა იგეგმება.

„გერმანია მთავარი პარტნიორი იქნება ამ ძალისხმევაში, რომელიც ბუნებრივია, აახენის ხელშეკრულებით არის განმტკიცებული და რომელიც ყველაზე ამბიციურია. თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები წელს გადაიდგმება და შეიძლება მოიცავდეს სტრატეგიულ ობიექტებზე ვიზიტებსა და ერთობლივ წვრთნებს. სხვა ქვეყნებიც უკვე დასთანხმდნენ ამ დიალოგს.  ბრიტანელი და გერმანელი პარტნიორებისა და მეგობრების გარდა, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, შვედეთი და დანია შემოგვიერთდებიან“. განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ბირთვული ძალაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც მაკრონის სიტყვებს ევროპის დედაქალაქებში ყურადღებით აკვირდებოდნენ.

როგორც ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით ცხრა ქვეყანა ფლობს ბირთვულ იარაღს: ეს ქვეყნებია: რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთი კორეა.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ პირველი ხუთია აღიარებული ბირთვულ სახელმწიფოდ.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის თვითმმართველობის არჩევნები როგორც წინასწარი სამზადისი საპრეზიდენტო რბოლამდე პარიზი მზად არის, ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას კოორდინირება გაუწიოს