ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წყლებში განლაგებული ამერიკული ავიამზიდებიდან ირანის მიმართულებით საჰაერო იერიშები გრძელდება. სამიზნე ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტებია.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და ის ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც ვაშინგტონი ოპერაციის ფარგლებში — სახელწოდებით „ეპიკური მრისხანება“ — იყენებს.
ვიდეომასალის გავრცელებით ამერიკულმა მხარემ მორიგ ჯერზე უარყო ირანის სახელმწიფო მედიის მიერ 1-ელ მარტს მტკიცებით ფორმაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათმა ძალებმა სარაკეტო იერიშებით, თითქოს, შეძლეს ამერიკული ავიამზიდისთვის ზიანის მიყენება. ცენტრალური სარდლობის თანახმად, გაშვებული რაკეტები სამიზნესთან „ახლოსაც კი არ მისულა“.
თეირანში 2 მარტის ღამემაც აფეთქებების ხმისა და ქალაქის თავზე, იერიშების შედეგად წარმოქმნილი შავი ღრუბლების ფონზე ჩაიარა. ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, ვაშინგტონისა და თელ-ავივის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში მათ ისლამური რეჟიმის თავდაცვის სისტემებს დაარტყეს.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ზიანის მიყენებას აუცილებლად მოჰყვება ძლიერი საპასუხო მოქმედებები.
„ჩვენი გზავნილი ირანის რეჟიმისადმი მკაფიოა. ჩვენ გვეცოდინება, როგორ მივაღწიოთ ყველას — შტაბ-ბინებში, ბუნკერებში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. არავინ არის დაზღვეული. ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ...
გამოვაცხადეთ, რომ დაახლოებით 100 000 დამატებითი პერსონალი დავაკომპლექტეთ ყველა საზღვრის გასწვრივ თავდაცვის გასაძლიერებლად. მზად ვართ, ფხიზლად ვართ. თუ ვინმე გაბედავს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ან თავად სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებას, უეჭველად ძლიერი დარტყმით ვუპასუხებთ“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.
არ შეწყვეტილა ირანის ისლამური რეჟიმის მხრიდან განხორციელებული დარტყმებიც, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დაახლოებით ათ სახელმწიფოს შეეხო.
დუბაის, ქუვეითის, ზაიედისა და ერბილის საერთაშორისო აეროპორტები, ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, ბაჰრეინსა და სირიაში მდებარე სამოქალაქო ობიექტები, ასევე ისრაელის ქალაქები თეირანის საჰაერო იერიშების სამიზნედ იქცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა განგაშის ხმა, რითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, თავი შეეფარათ უახლოეს ბომბსაფრებში.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი თავს არ ესხმიან მეზობელ სახელმწიფოებს, არამედ „ლეგიტიმურ სამიზნეებად ამოიღეს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები, რომლებიც საომარ მოქმედებებს აწარმოებენ თეირანის წინააღმდეგ“.
ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების მტკიცებით, ისინი თავს იცავენ:
„ჩვენ თავს ვიცავთ და ამის სრული, კანონიერი უფლება გვაქვს. ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები აგრესიის გამოხატულებაა. რამდენიმე მეთაური დავკარგეთ, ეს ფაქტია და მათი სახელები უკვე ცნობილია, თუმცა სხვა ფაქტიც არსებობს — ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებში არაფერი შეცვლილა“, — განაცხადა აბას არაღჩიმ ამერიკულ მედიასთან საუბრისას.
ამერიკული და ისრაელური დარტყმების პრევენციის წარუმატებელი მცდელობების პარალელურად, ირანში ახლა ცდილობენ ლიკვიდირებული უზენაესი ლიდერისა და სხვა სამხედრო თუ პოლიტიკური მაღალჩინოსნების ჩანაცვლების საკითხი დროულად გადაჭრან.
საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი „1-2 დღეში“ დასახელდება, ხოლო კონსტიტუციის შესაბამისად, ისლამურ რესპუბლიკას მანამდე დროებითი საბჭო მართავს. თეირანის მტკიცებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, ისინი „სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან ისე, როგორც არასდროს“.
„ეს ინციდენტი [აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი] უკიდურესად მწარე დარტყმაა თითოეული ჩვენგანისა და მთლიანად ირანელი ხალხისთვის. თავიანთი ქმედებებით ამერიკამ და სიონისტებმა ირანისა და ირანელი ხალხისთვის შექმნეს პირობები, რამაც ჩვენში დიდი გულისტკივილი გამოიწვია.
მათაც ვაიძულებთ, ისევე დაეწვათ გული, როგორც ჩვენ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის შემთხვევა, როცა შეუძლიათ უბრალოდ დარტყმის მიყენება და გაქცევა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ირანელი ხალხი ბევრი მსგავსი, უფრო უარესი მოვლენის მოწმეც გამხდარა. ერთხელ მონღოლები შემოესივნენ ირანს და დააცარიელეს ქვეყანა, თუმცა ირანელი ხალხი მათ წინააღმდეგ გამოვიდა. ირანული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ თავიანთი რეპრესიული ქმედებებით მათ იმდენად განარისხეს ჩვენი ხალხი, რომ ვერასდროს მიაღწევენ თავიანთ მიზნებს.
ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეროვნული სოლიდარობა კიდევ უფრო გაიზრდება... ირანისადმი სიყვარული ირანელ ხალხში ბუნებისგან ბოძებული თვისებაა და ეს არ არის რაღაც ზედაპირული.
რა თქმა უნდა, ომი იწვევს შეტაკებებს და განგაშს მოსახლეობაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები მძლავრ შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას ფლობენ. წინა ომში მძიმე დანაკარგები გვქონდა, თუმცა ახლანდელი ვითარება სხვაგვარია. საბედნიეროდ, შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ომს და დანაკარგებიც მინიმალურია.
ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დღეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ამ ინციდენტმა მათ გულებში ლახვარი ჩასცა. მათ მიერ განცდილმა ტკივილმა უნდა გააძლიეროს მათი მონდომება.
რატომ გახდა ჩვენი ხელმძღვანელობა მტრის სამიზნე? — შეიარაღებული ძალების ნებისა და ერის ნების შესალახად. ამიტომ დღეს ჩვენ კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და სიმტკიცით უნდა ვიბრძოლოთ.
ჩვენ უკვე ვუთხარით რეგიონის ქვეყნებს, რომ არ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ აგრესიის გამოხატვას. მათ ტერიტორიებზეა განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზები, რომლებიც ამ სახელმწიფოების ტერიტორია არ არის, არამედ ამერიკული აქტივებია.
ვაფასებთ ჩვენი რეგიონის მეზობელ, მოძმე ქვეყნებს და არ ვაპირებთ მათთვის ზიანის მიყენებას. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში სოლიდარობა ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვესაუბრეთ სახელმწიფოთა ლიდერებს და მათაც იციან, რომ არ მივისწრაფვით ომისკენ“, — განაცხადა ალი ლარიჯანმა, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.
ამერიკულ მედიასთან საუბრისას ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ, განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამხედრო მოქმედებები „ამჯერად არ არის მიმართული მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის ან რაიმე მსგავსის შესაჩერებლად“.
მისივე თქმით, „ეს უფრო ჰგავს რეჟიმის სათავეების მოკვეთას, რაც საბოლოო ჯამში სრულ კოლაფსს გამოიწვევს და ირანელ ხალხს ნანატრ თავისუფლებას დაუბრუნებს“.
