კატეგორიები

IAEA ირანის ნატანზის ბირთვულ ობიექტზე „გარკვეულ დაზიანებას” ადასტურებს

IAEA ირანის ნატანზის ბირთვულ ობიექტზე „გარკვეულ დაზიანებას” ადასტურებს
Vantor/Handout via REUTERS
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ნატანზის ბირთვულმა ობიექტმა „გარკვეული დაზიანება“ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს.

„უახლესი სატელიტური გამოსახულებების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს ნატანზის მიწისქვეშა საწვავის გამდიდრების ობიექტზე შესასვლელი შენობების ნაწილობრივი დაზიანება.

რადიაციული შედეგები მოსალოდნელი არ არის და არ დაფიქსირებულა დამატებითი ზემოქმედება ნატანზის ობიექტის ძირითად ნაწილზე, რომელიც ივნისის კონფლიქტის დროს უკვე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული“, — ნათქვამია IAEA-ს განცხადებაში.

ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე თავდასხმის შესახებ თეირანმა უკვე განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის კრიმინალურმა რეჟიმებმა შაბათს, დღის მეორე ნახევარში, კვლავ მიზანში ამოიღეს ნატანზის ბირთვული ობიექტი და მას ორჯერ დაარტყეს“, — ნათქვამია ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მოჰამედ ესლამის წერილში, რომლითაც მან ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიმართა.

ამასთან, სააგენტოში ირანის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ, გუშინ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონისა და თელ-ავივის დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ეს ქმედებები აგრესიის დანაშაულს წარმოადგენს. მისივე თქმით, თეირანმა „რუსეთთან ერთად და ჩინეთის მხარდაჭერით“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალური სესიის მოწვევა მოითხოვა.

ნატანზის ბირთვული ობიექტი თავდასხმების სამიზნე გახდა ირან–ისრაელის 12-დღიან კონფლიქტშიც.

Related news
IAEA ირანის ნატანზის ბირთვულ ობიექტზე „გარკვეულ დაზიანებას” ადასტურებს ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის ამოცანების მიღწევას ირანში 4-5 კვირა დასჭირდება, თუმცა პრეზიდენტი „მეტისთვისაც მზადაა“