კატეგორიები

სპარსეთის ყურის ქვეყნები იტოვებენ უფლებას უპასუხონ ირანულ აგრესიას

სპარსეთის ყურის ქვეყნები იტოვებენ უფლებას უპასუხონ ირანულ აგრესიას
Copyright AP Photo

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ახალი ომი ჯერ საწყის ფაზაშია. თელ-ავივისა და ვაშინგტონის გათვლებით, ის მინიმუმ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებების გაფართოების საფრთხე დღითიდღე მატულობს, მით უმეტეს, რომ ამერიკისა და ისრაელის იერიშებზე ირანის პასუხმა ირიბად თუ პირდაპირ მთელი რეგიონი მოიცვა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე მიტანილი ირანული დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აბუ-დაბიზე მიტანილი დარტყმის შემდეგ კი საამიროებმა თეირანში საკუთარი საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„სპარსეთის ყურის ქვეყნები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას საკუთარი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად, ასევე იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები და ტერიტორიები, მათ შორის — ამ აგრესიაზე რეაგირების შესაძლებლობით. თავდაცვის მიზნით ვიტოვებთ კანონიერ უფლებას, ვუპასუხოთ აგრესიას. მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები. სპარსეთის ყურის სტაბილურობა არ არის მხოლოდ რეგიონული საკითხი, არამედ გლობალური ეკონომიკის სტაბილურობის საფუძველია“, — წერია განცხადებაში.

დიპლომატიური უწყებების ამ ერთობლივი განცხადების შინაარსი მალევე დადასტურდა. ნავთობის ფასმა აზიურ ბირჟებზე 10%-ით მოიმატა — ეს ორშაბათ დილით, ბირჟების გახსნისთანავე, საგრძნობი გახდა. ცვლილებებია საფონდო ბირჟებზეც, აქციების ფასებში. ექსპერტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ იმ არასტაბილური მოცემულობის გამო, რაც ახლა რეგიონში შეიქმნა.

ამ ყველაფრის პარალელურად ირანმა იერიშები მიიტანა რეგიონში განთავსებულ არაერთი ევროპული სახელმწიფოს სამხედრო ბაზაზეც. სულ ბოლოს ცნობილი გახდა კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. იერიში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ლონდონი იმეორებს, რომ დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ იერიშებში ჩართული არ არის, თუმცა აშშ-ს საკუთარი ბაზების გამოყენების უფლება მისცა, მიუხედავად თავდაპირველი უარისა. მიზეზად დიდ ბრიტანეთში ასახელებენ იმ საფრთხეებს, რომლებიც ირანის საპასუხო იერიშებმა რეგიონში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებსა და პარტნიორებს შეუქმნა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანმა იერიშები მიიტანა რეგიონის იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მასზე შეტევა არ განუხორციელებიათ. მათ შეუტიეს აეროპორტებსა და სასტუმროებს, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ჩვენ რეგიონში 200 000-ზე მეტი მოქალაქე გვყავს. მოვუწოდებ ყველა მათგანს, დაარეგისტრირონ საკუთარი ყოფნა ადგილზე და მიჰყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებს.

ჩვენი შეიარაღებული ძალები რეგიონში ასევე არიან რისკის ქვეშ ირანის ქმედებების გამო. მათ გუშინ ბაჰრეინის სამხედრო ბაზას დაარტყეს და ოდნავ აცდნენ ბრიტანულ პერსონალს. სულიერი ლიდერის სიკვდილი ირანს არ ათქმევინებს უარს ამ იერიშებზე — ისინი კიდევ უფრო საშიშები ხდებიან.

ჩვენი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთი არ ჩართულიყო ირანის წინააღმდეგ დარტყმებში, შეგნებული იყო, რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო გზა რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მოლაპარაკებებია, სადაც ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის განვითარებაზე.

მაგრამ ირანი ეწინააღმდეგება ბრიტანულ ინტერესებსა და ბრიტანელ ხალხს, საფრთხეში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენმა პარტნიორებმა სპარსეთის ყურეში გვთხოვეს, გავაკეთოთ მეტი მათ დასაცავად. ამასთან, მაქვს ვალდებულება, დავიცვა ბრიტანელი ხალხი.

ჩვენ ადგილზე გვყავს ბრიტანული ავიაგამანადგურებლები. აშშ-მ გვთხოვა ნებართვა, გამოიყენოს დიდი ბრიტანეთის ბაზები ვიწროდ თავდაცვითი მიზნებისთვის. ჩვენ მივიღეთ თანხმობის გადაწყვეტილება, რათა ხელი შევუშალოთ ირანიდან რაკეტების გაშვებას, ავირიდოთ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და შევამციროთ რისკები იქ მყოფი ბრიტანელებისთვის.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი კოლექტიური თავდაცვაა ჩვენს დიდი ხნის მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ არ ვუერთდებით იერიშებს, მაგრამ გავაგრძელებთ რეგიონული თავდაცვის ძალისხმევაში მონაწილეობას.

პროცესში ჩავრთავთ უკრაინელ ექსპერტებს, რათა ირანული დრონების ჩამოგდებაში გაწიონ დახმარება. ერაყის ომიდან გაკვეთილი ვისწავლეთ — ჩვენ არ ვართ ჩართულნი ირანის წინააღმდეგ იერიშებში და არ ვუერთდებით დარტყმებს ახლა, მაგრამ ვუერთდებით კოლექტიურ თავდაცვას მოკავშირეებთან ერთად.

ეს არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და ბრიტანელი ხალხის სიცოცხლეს“, — აღნიშნა საკუთარ მიმართვაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

სპარსეთის ყურეში სამხედრო ბაზები აქვს საფრანგეთსაც, რომლებიც ასევე მოხვდა იერიშების ქვეშ. საგანგებო სხდომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეგიონში არაერთ მოკავშირეს ესაუბრა. პარიზი ამ კონფლიქტთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებას იწყებს. ელისეს სასახლეში რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერას ადასტურებენ, რაც საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ზომას შეიძლება გულისხმობდეს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველაზე მეტად მოხვდა დარტყმის ქვეშ. მძიმედ შეეხო ეს მოვლენები კატარს. აბუ-დაბის პორტზე განხორციელებული დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ჩვენი ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ანგარი, რომელიც ემირატების ბაზის მიმდებარედ არის განთავსებული. ზიანი მატერიალურია, დაშავებულები არ არიან.

თუმცა ეს ყველაფერი გვიბიძგებს იმისკენ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და თავდაცვა, დავდგეთ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებთანაც თავდაცვითი ხელშეკრულებები გვაკავშირებს, და მოვარგოთ ჩვენი პოზიციები ბოლო განვითარებებს, რასაც არაფერი ამართლებს.

პირველივე საათებიდან ავიღეთ პასუხისმგებლობა, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები და ვმდგარიყავით მოკავშირეების გვერდით რეგიონში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს ირანში, ეროვნულ დონეზე შევაფასებთ რისკებს და ამ კონფლიქტის ეკონომიკურ შედეგებს“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ფართო მასშტაბებზე გავიდა და იმ ქვეყნებსაც შეახსენა რეგიონის რეალობა, რომლებიც წლების განმავლობაში ტურისტებისთვის ფეშენებელური სასტუმროებისა და დასვენების ცენტრად იყო ქცეული. ირანული იერიშები იქ მსხვერპლით დასრულდა.

Related news
სპარსეთის ყურის ქვეყნები იტოვებენ უფლებას უპასუხონ ირანულ აგრესიას „ამერიკა შურს იძიებს”- დონალდ ტრამპი ამერიკელი სამხედროების სიცოცხლისთვის ირანს შურისძიებას ჰპირდება