კატეგორიები

არაბთა გაერთიანებული საამიროები ქვეყანაში ჩარჩენილი მგზავრების ხარჯებს დაფარავს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ქვეყანაში ჩარჩენილი მგზავრების ხარჯებს დაფარავს
Copyright AP
არაბთა გაერთიანებული საამიროები ქვეყანაში ჩარჩენილი ათიათასობით მგზავრის სასტუმროსა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის მიმართულებით მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე რეგიონში საჰაერო სივრცე დაიხურა და ათასობით რეისი გაუქმდა ან გადაიდო.

ქვეყანაში ამ დროისთვის დაახლოებით 20 200 მგზავრი ელოდება ფრენას.  არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს განცხადებით, სახელმწიფო სრულად იღებს საკუთარ თავზე დაზარალებული მგზავრების განთავსებისა და მასპინძლობის ხარჯებს.

აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა სასტუმროებს გაუგზავნა სპეციალური შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, იმ სტუმრებს, რომელთაც ჯავშნის ვადა ამოეწურათ, მაგრამ ფრენების შეჩერების გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, განთავსების ვადა უნდა გაუგრძელდეთ.

ანალოგიური მითითება მიიღო დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტისგანაც სასტუმროების სექტორმა. სტუმრებს შეუძლიათ დარჩენის ვადა იმავე პირობებით გააგრძელონ, როგორი პირობებითაც თავდაპირველი ჯავშანი ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები დამატებითი ხარჯების გადახდას ვერ შეძლებენ, სასტუმროებმა ამის შესახებ უწყებას უნდა აცნობონ.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტსა და ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციები დროებით შეჩერებულია. აბუ-დაბის ზაიედის საერთაშორისო აეროპორტმაც შეაჩერა მუშაობა. საჰაერო სივრცე დახურულია კატარში, ქუვეითსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. არაერთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის ,,ემირატებმა” რეისები დროებით გააუქმა.

ავიაციის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აფასებენ უსაფრთხოებას და ამოწმებენ  ინფრასტრუქტურას.  რეისები სრულად  უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის შემდეგ აღდგება.

Related news
არაბთა გაერთიანებული საამიროები ქვეყანაში ჩარჩენილი მგზავრების ხარჯებს დაფარავს პრინცი უილიამი სამდღიანი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება