კატეგორიები

კატარში LNG წარმოების შეჩერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 45%-მდე იზრდება

კატარში LNG წარმოების შეჩერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 45%-მდე იზრდება
Copyright AP Photo
ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა ოფიციალურად შეაჩერა გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოება. საუბარია ფასების 45%-იან ზრდაზე, რამაც მეგავატსაათზე 46 ევრო შეადგინა. ფასების მკვეთრ ზრდას წინ უძღოდა კატარში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები, რაც, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგია.

გლობალური ენერგეტიკული მიმოცვლა ამჟამად საფრთხის წინაშე დგას, რადგან გავრცელებული ცნობებით, თეირანი ჰორმუზის სრუტის სრულად დაბლოკვას გეგმავს, რაც თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს. საუბარია საკვანძო საზღვაო გზაზე, რომელიც მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით 20%-ის გატარებაზეა პასუხისმგებელი. სატელიტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ ტანკერების მოძრაობა სრუტეში პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც მსოფლიოს უპრეცედენტო რისკის ქვეშ აყენებს.

„ჩვენ ვიხილეთ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის შეჩერება, რაც გათხევადებული აირის მიწოდების პერსპექტივიდან საკმაოდ რთული მოცემულობაა. ჰორმუზის სრუტე კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გათხევადებული აირის დაახლოებით 20%-იან მიწოდებას უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის. ჩვენ ვაბიჯებთ უპრეცედენტო ეპოქაში — ჩემი აზრით, იმაზე რთულ კრიზისში, ვიდრე ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს ვიხილეთ. თუ ეს კრიზისი გაგრძელდა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ძალიან რთულია მსოფლიო ბაზარზე ამ 20%-ის ჩანაცვლება, მიუხედავად სხვა რესურსებისა“, — აღნიშნავს KPLER-ის ანალიტიკოსი გო კატაიამა.

ეს შეფერხება, თავის მხრივ, დიდი თავსატეხია ევროპისთვის, რომელიც გათხევადებული გაზის იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კატარზე მას შემდეგ, რაც კონტინენტმა რუსულ ენერგიაზე უარი თქვა — უკრაინაში კრემლის აგრესიის შემდეგ. ამჟამად ევროპა გათხევადებული გაზის დაახლოებით 14%-ს სწორედ კატარიდან იღებს. კრიზისი ევროპას ისედაც სუსტ პოზიციაში დაატყდა თავს, ზამთრის სეზონის მიწურულს, როდესაც გაზის მარაგები დაახლოებით 30%-ით არის ამოწურული — ეს ყველაფერი კი დარჩენილ რესურსებზე გლობალური კონკურენციის პირობებში.

დარგის ექსპერტები ჯერჯერობით წამყვანი ნავთობგადამზიდი კომპანიებისგან თავიანთი ტანკერების მიმოსვლის აღდგენას არ ელიან, მანამ, სანამ რეგიონში სიტუაცია არ დასტაბილურდება. ამ პირობებში არსებობს გემების დაზიანების ან მათი დაკავების მაღალი რისკიც.

ცნობილია, რომ სამხედრო ოპერაციაში ჩართულ მხარეებს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ უკვე მოუწოდა ჩინეთმა. პეკინი ცდილობს დაარწმუნოს თეირანი, ხელი არ შეუშალოს ენერგეტიკულ მიმოსვლას. ჩინეთი ენერგიის ნახევარს სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იღებს.

დაკავშირებული ამბები
კრემლი მოქალაქეებს აპლიკაცია MAX-ის ჩამოტვირთვას აიძულებს რუსულმა ძალებმა ხმელნისკი, ლუცკი და ოდესა დაბომბეს