კატეგორიები

ალი ხამენეის მმართველობის 37 წელი

ალი ხამენეის მმართველობის 37 წელი
Copyright AP Photo

აიათოლა ალი ხამენეი — ირანის უზენაესი ლიდერი, რომელიც თეოკრატიულ რეჟიმს ათწლეულების განმავლობაში ედგა სათავეში და ქვეყნის რეგიონულ ჰეგემონად გადაქცევას ცდილობდა; რომელმაც ბირთვული პროგრამის გამო ირანი ისრაელსა და ამერიკას დაუპირისპირა და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები სისხლში ჩაახშო — გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო.

ირანის სახელმწიფო მედიამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კვირა დილით გაავრცელა — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი მოკლულია.

ალი ხამენეიმ ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობა 1989 წელს დაიკავა. მან ქვეყნის მართვა აიათოლა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა — ქარიზმატული იდეოლოგის, რომელმაც 1979 წელს ისლამური რევოლუციით შაჰის დამხობა შეძლო.

წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ალი ხამენეის რევოლუციური ხედვის სახელმწიფოებრივ სისტემად გარდაქმნის პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მან ირანი რუჰოლა ხომეინიზე ბევრად დიდხანს მართა, მნიშვნელოვნად გააფართოვა შიიტური ისლამის გავლენა და რევოლუციური გვარდია თავისი მმართველობის მთავარ საყრდენად აქცია.

გვარდია გადაიქცა სამხედრო და ბიზნეს-გიგანტად — ირანის ელიტურ ძალად და ბალისტიკური რაკეტების არსენალის ხელმძღვანელ სტრუქტურად, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ჰქონდა საცეცები.

თუმცა დაძაბულობა თანდათან ძნელად სამართავი გახდა. პოლიტიკური რეპრესიები და სუსტი ეკონომიკა მასობრივ უკმაყოფილებასა და საპროტესტო გამოსვლებს იწვევდა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ, რომელიც 2022 წელს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა, საზოგადოების აღშფოთება მასშტაბურ დემონსტრაციებში გადაიზარდა. იანვრის დასაწყისში ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. „სიკვდილი ხამენეის“, — ისმოდა ქუჩებიდან.

ხამენეიმ ამას 50-წლიანი სასულიერო მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეპრესიით უპასუხა. უსაფრთხოების ძალებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

მალევე, 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმამ ახლო აღმოსავლეთში ომების ახალ ტალღას დაუდო სათავე. დაიწყო ხამენეის მიერ შექმნილი ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძის“ დაშლის პროცესი. 2024 წელს ისრაელმა და ირანმა ერთმანეთს პირდაპირ შეუტიეს.

2025 წლის ივნისში ისრაელმა ირანს კვლავ დაარტყა. ისრაელმა, ვაშინგტონთან ერთად, დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, მოკლა მაღალი რანგის სამხედროები და ბირთვული მეცნიერები. ირანმა საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.

ხამენეის სიკვდილი ისლამური რესპუბლიკის მომავალზე კითხვებს აჩენს.

88-წევრიანმა ასამბლეამ ხამენეის შემცვლელი უნდა აირჩიოს. თუმცა აშკარა მემკვიდრე ამ ეტაპზე არ ჩანს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა: „აიღეთ ხელისუფლება საკუთარ ხელში. ის თქვენი იქნება. ეს, ალბათ, თქვენი ერთადერთი შანსია თაობების განმავლობაში“.

მოვლენების შემდგომი განვითარება დიდწილად ისეთ ძალაზე იქნება დამოკიდებული, როგორიც რევოლუციური გვარდიაა, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის ძალის გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება — მაშინაც კი, როცა ირანის 90-მილიონიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია.

ალი ხამენეი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მაშჰადში დაიბადა. ეს ქალაქი შაჰის წინააღმდეგ რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო.

როგორც ბევრი სხვა ირანელი ლიდერი, 1960-იანი წლების დასაწყისში იგი რუჰოლა ხომეინის ხელმძღვანელობით ყუმის სემინარიაში სწავლობდა, ვიდრე შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობას შეუერთდებოდა, რის გამოც ციხეშიც მოხვდა და მიმალვაშიც იმყოფებოდა. 1979 წლის თებერვალში, როდესაც ხომეინი ირანში ტრიუმფით დაბრუნდა და ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა, ხამენეი რევოლუციურ საბჭოში დანიშნეს.

1981 წელს იგი ირანის მესამე პრეზიდენტად აირჩიეს. იმავე წელს მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად მისი მარჯვენა ხელი სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებული დარჩა.

რელიგიური ავტორიტეტის თვალსაზრისით, ხამენეი წინამორბედს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა და შიიტურ იერარქიაში შედარებით დაბალ ტიტულს ატარებდა. თუმცა უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ მას დაუყოვნებლივ მიენიჭა შიიტური ისლამის უმაღლესი სასულიერო ტიტული.

ხამენეის მმართველობის პერიოდში ირანი ტრადიციული სამხედრო დაპირისპირებიდან მარიონეტული ძალების მხარდაჭერაზე გადავიდა და ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძი“ ჩამოაყალიბა, რათა რეგიონში საკუთარი გავლენა გაეფართოებინა.

ჰეზბოლას მეშვეობით ირანმა დახვეწა სტრატეგია — ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფების მოკავშირეებად ქცევა, ხშირად ძალადობის გზით, საკუთარი ძალის პროექციისთვის. იგივე მოდელი გამოიყენა იემენში ჰუთი მეამბოხეების მხარდაჭერისას, რომლებმაც 2014 წელს დედაქალაქი სანა დაიკავეს და ათწლეულზე მეტხანს შეინარჩუნეს პოზიციები, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისა და მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმების მიუხედავად.

ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა 1994 წელს ბუენოს-აირესში ებრაული ცენტრი ააფეთქეს, რასაც 85 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე ირანი, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო 1996 წელს საუდის არაბეთში საცხოვრებელი კომპლექსის აფეთქებასთან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების 19 სამხედრო დაიღუპა. თეირანმა ორივე ბრალდება უარყო.

აიათოლა ალი ხამენეი ამერიკის შეერთებულ შტატებს „დიდ სატანას“ უწოდებდა — მათ შორის მაშინაც, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიალოგისა და ურთიერთობის გადატვირთვის ინიციატივას იჩენდა.

უზენაესმა ლიდერმა გაეროს სანქციებს ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა ბირთვული პროგრამა, რომელიც დასავლეთის ქვეყნების თანახმად, 2003 წლამდე ფარულად მიმდინარეობდა.

2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ირანი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ურანის მარაგისა და მისი გამდიდრების მკვეთრ შემცირებას დათანხმდა. თუმცა 2018 წელს დონალდ ტრამპმა შეთანხმება გააუქმა.

მას შემდეგ ირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული თითქმის ყველა ლიმიტი დაარღვია.

ხამენეისთვის პირველი დიდი გამოწვევა 1997 წელს გამოჩნდა, როდესაც რეფორმისტებმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს და პრეზიდენტად მოჰამედ ხათამი აირჩიეს. ისინი სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებასა და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

ხამენეის მხარდაჭერილმა კონსერვატორებმა რეფორმების შეკავება დაიწყეს. პარლამენტის მიერ მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მან თავად შეაჩერა. დაიბლოკა სხვა ლიბერალური ინიციატივებიც. რეფორმისტ დეპუტატებს არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაც აუკრძალეს, რაც 2004 წელს კონსერვატორების დაბრუნებით დასრულდა.

მომდევნო წლებში ირანში პროტესტმა არაერთხელ იფეთქა. 2025 წლის დეკემბერში კი ინფლაციის გამო დემონსტრაციების ახალი, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტალღა დაიწყო. ასობით ათასი ადამიანი ღიად მოითხოვდა რეჟიმის დამხობას.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანის რეჟიმსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება გამწვავდა.

2020 წლის იანვარში ამერიკულმა დრონმა რევოლუციური გვარდიის გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა. ორი დღის შემდეგ ირანმა შეცდომით უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა.

ირანმა ურანის გამდიდრება 60%-მდე გაზარდა. თუმცა 2025 წელს, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მოლაპარაკებები კვლავ განახლდა — რაც ადასტურებდა, რომ სანქციებმა ირანის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

შეთანხმება კვლავ მიუღწეველი დარჩა. 2025 წლის ივნისში ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს და მძიმე ზიანი მიაყენეს.

იანვარში, ქვეყნის მასშტაბით პროტესტების ჩახშობის ფონზე, ტრამპი ირანს დარტყმით კვლავ დაემუქრა და მოლაპარაკებებში დათმობებისკენ მოუწოდა. გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი.

შემდეგ კი შაბათი დადგა.

Related news
ალი ხამენეის მმართველობის 37 წელი აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია` დაიწყო