ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ქმედებები კვლავ მწვავე კრიტიკას იმსახურებს ესპანეთის მხრიდან.
მიუხედავად ვაშინგტონისა და თელ-ავივის მიმართ პოლიტიკური კეთილგანწყობისა, ასევე ამერიკულ მხარესთან გაფორმებული არაერთი შეთანხმებისა, მადრიდი აცხადებს, რომ ესპანური ბაზები ვერ იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ სამხედრო მიზნებისთვის.
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მორონსა და როტაში მდებარე ბაზებიდან არანაირი დახმარება — აბსოლუტურად არანაირი — არ ყოფილა გაწეული ამ ქმედებებისთვის ან ბაზებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის.
მართალია, აშშ-სთან შეთანხმება არსებობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში, ხოლო მსგავსი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების მხარდაჭერით.
ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაცია ცალმხრივია, საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერის გარეშე და, შესაბამისად, ისინი ამ ბაზებს არ იყენებენ.
ცხადია, პრობლემა უნდა გადაიჭრას დიპლომატიური გზით. გვესმის, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს. გვჯერა, რომ ირანელ ხალხს აქვს უფლება, გათავისუფლდეს — და ამას, პირველ რიგში, ირანელი ქალებისთვის ვამბობ — მაგრამ ირანმა თავად უნდა გადაჭრას საკუთარი პრობლემები.
ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობა, კონფლიქტები და სიკვდილი ვერასდროს იქნება რომელიმე პრობლემის გადაჭრის გზა. რა თქმა უნდა, ესპანეთი სრულიად ეწინააღმდეგება ძალადობას. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ისინი ყოველთვის სამშვიდობო მისიებში არიან ჩართული.
ჩვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახლა, როგორც უკვე ვახსენე, მიმართულია ირანელი ქალებისადმი და აუცილებელია მკაფიოდ ითქვას, რომ ამ ბაზების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
სხვაგვარად ვერ იქნება, ვიდრე არ იარსებებს საერთაშორისო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი პატივცემული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ ქმედებებს“, — განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა.
1-ელ მარტს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როდესაც საზოგადოება ან სახელმწიფოები ერთი საძულველი რეჟიმის წინააღმდეგ არიან, არ შეიძლება, მხარი დაუჭირონ მეორე მხარის უსამართლო და სახიფათო სამხედრო ინტერვენციას, რომელმაც შესაძლოა მთელი მსოფლიო მოიცვას — პირდაპირ თუ ირიბად.
მადრიდში გაკეთებული ამ განცხადებების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთი „ირანის ბოროტი იმპერიის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა, რასაც ესპანურმა მხარემ „აბსურდული ბრალდება“ უწოდა.
ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ირანი ევროპის სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ მათი ნებისმიერი „თავდაცვითი ქმედება“ აღქმული იქნება როგორც „ომის გამოცხადება“ და „სამხედრო აქტი“.
თეირანში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც კონფლიქტის ზონაში საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა მზაობა გამოთქვეს.
