მთავარისაქართველომთავრობის წარმომადგენლების თქმით, წელს პრიორიტეტი სიღარიბის შემცირება და დასაქმება იქნება

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, წელს პრიორიტეტი სიღარიბის შემცირება და დასაქმება იქნება

სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – სწორედ ეს იყო ის საკითხები, რაზეც დღეს 2022 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღა უკვე დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს შტამი პაციენტებში ჯერჯერობით მსუბუქად მიმდინარეობს და საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია.

„დღეიდან ჯანმო-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციისა და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასული წელიც შეაჯამეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

„სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქსტატის ბოლო ინფორმაციით, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი წლიური ინფლაცია არის 3%. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ინფლაციის ზრდას მსოფლიო ტენდენციებით ხსნის.

„ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია ინფლაცია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმებს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოში. ის ღონისძიებები, რომლის გადადგმაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ფასების ზრდა ერთჯერადი და დროებითი პრობლემაა და საზოგადოებას ჰპირდებიან, რომ 2022 წელს მათი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება იქნება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend